“სასამართლო სისტემის რეფორმირების პირველი 10 ნაბიჯი” – პოლიტიკოსებმა კონცეფციას ხელი მოაწერეს
09/10/2020 08:36:31 პოლიტიკა
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს კონცეფციას - “სასამართლო სისტემის რეფორმირების პირველი 10 ნაბიჯი”.
დოკუმენტის მიხედვით, პარტიები თანხმდებიან საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციონალიზაციის, არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლების, შიდადემოკრატიული წახალისებისა და უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების აუცილებლობაზე.
კონცეფციაში გაწერილია 10 ძირითადი საკითხი, რაზეც პოლიტიკური პარტიები ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრების შემდეგ ითანამშრომლებენ, მათ შორის – პარლამენტი მიიღებს პოლიტიკური შინაარსის რეზოლუციას. ამასთან, უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ფარგლები.
როგორც პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ შეთანხმებაში წარმოდგენილია ხედვა, როგორ უნდა შეიცვალოს სასამართლოში კლანური მმართველობა თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით.


