გალდავა სუს–ს ზეწოლაში ადანაშაულებს
09/10/2020 12:49:51 პოლიტიკა
„ლელოს" ისნის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურ ჩარევაში ადანაშაულებს და ზეწოლაზე საუბრობს.
“გუშინ მეტრომშენის დასახლებაში მე და ჩემი ოფისის წევრებს ხელი შეგვიშალეს წინასაარჩევნო პროცესში. კერძოდ, ჩემს მხარდამჭერებს საოლქო კომისიაში, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა საარჩევნო პლაკატების გაკვრისას მოსთხოვეს პერსონალური მონაცემები. დააშინეს ისინი, რომ ამ მონაცემებით მათი იდენტიფიცირება მოხდებოდა და მათზე ზეწოლას განახორციელებდნენ.
გამოიძახეს სამი ეკიპაჟი, რის შემდეგაც პირადად მივედი და დავაფიქსირე არა მხოლოდ პატრულ-ინსპექტორები, არამედ პირები დაბურულ შუშებიანი მანქანებით, რომლებიც შემდეგ ლოკაციაზე გამომყვნენ. ერთ-ერთს ხელკეტიც კი ჰქონდა მანქანაში. ეს არის პირდაპირი ზეწოლა ჩემზე და ჩემს თანამშრომლებზე. ყველა ეს პირი იდენტიფიცირებულია, ისინი იყვნენ გამგეობის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და მეტრომშენის ზონის კოორდინატორი “ქართული ოცნებიდან”. გარდა ამისა, ქუჩის კლასტერი, რომლებიც, ე.წ ავტორიტეტით სარგებლობენ თავიანთ უბანში და ისინი ამას იყენებენ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის,” - აცხადებს გალდავა.


