კარტოგრაფების საქმე: „შემიძლია, წარმოვიდგინო, ჩემთან რატომ არ შედგა ეს კომუნიკაცია“
09/10/2020 13:32:18 პოლიტიკა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ დავით–გარეჯის თემასთან თანამდებობაზე ყოფნის დროს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა შეხება, როდესაც საზღვრის დამდგენი კომისიის მორიგი სხდომა იმართებოდა, მას კი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც უნდა დასწრებოდა და უწყებას ამის შესახებ აცნობეს. ასე უპასუხა ხიდაშელმა კითხვას, ჰქონდათ თუ არა სასულიერო პირებს მასთან კომუნიკაცია, ვინაიდან მათ კომენტარებში ყოფილი და მოქმედი თავდაცვის მინისტრები ფიგურირებენ.
„იმ ფონზე და იმის გათვალისწინებით, რაც დღეს გვესმის, თუ სიმართლეს წარმოადგენს ის, რომ მანამდე ჰქონდათ [სასულიერო პირებს] საუბრები სხა მაღალი თანამდებობის პირებთან, მათ შორის თავდაცვის ყოფილ მინისტრებთან, შემიძლია, წარმოვიდგინო, ჩემთან რატომ არ შედგა ეს კომუნიკაცია: იმდენად არასერიოზული და არაკვალიფიციურია [კარტოგრაფების საქმე], როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ჩემთან ამ თემებზე საუბარს აზრი არ ჰქონდა“– აღნიშნავს ხიდაშელი.
რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, ხიდაშელის შეფასებით, ის„იმდენად სკანდალური, უსამართლო და უსინდისოა“ რომ ვერც წარმოუდგენია, ახალი მოწვევის პარლამენტის ყურადღების მიღმა დარჩეს და საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას:
„ტრადიციულად, როდესაც საქმე სისხლის სამართლის საქმეს ეხება, ვცდილობ, იურისტის თვალით ვუყურო და არ შევაფასო პოლიტიკური ან წინასწარი მოსაზრებებით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და ვისაც უნდა, პროკურატურის ბრიფინგის შესაბამისად დავუმტკიცებ, რომ ეს საქმე აბსოლუტურად უსაფუძვლოა, პროკურატურის ბრიფინგი იყო არაკვალიფიციური“.
ხიდაშელი იმ სამ მთავარ ნიშანზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ზოგადად, სისხლის სამართლის საქმის არსებობის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს, კარტოგრაფების საქმში კი მისი შეფასებით, არ ჩანს. ეს ნიშნებია:
- მოტივი;
- გაზრახვა;
- დაზარალებული.
„პროკურორმა პრესკონფერენციის დროს ხაზგასმით თქვა, რომ მათ არ იციან, რა არის მოტოვი და ახლა მიმდინარეობს ამის გარკვევა. რაც შეეხება განზრახვას, პროკურორი მთელი პრესკონფერენციის განმავლობაში ამბობდა, რომ არავითარ განზრახვასთან საქმე არ გვაქვს, თუმცა შემდეგ, კითხვებზე პასუხის დროს, თითქოს შემთხვევით თქვა, რომ „განზრახ ჩაიდინეს [ბრალდებულებმა] დანაშაულიო“. და რაც ყველაზე მთავარია – ამ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული. მთელი პრესკონფერენციის განმავლობაში პროკურატურა იყენებდა სიტყვებს: „შესაძლო იყო“, „ალბათ“, „მოსალოდნელი იყო“ და ა.შ. ანუ მოსამართლემ პრაქტიკულად სამშობლოს ღალატის მუხლით ორი ხანდაზმული ადამიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა, რომელთა საქმესაც დაზარალებული არ ჰყავს. გიორგი გახარიას 8 ოქტომბრის განცხადება კი ამის პირდაპირი დადასტურება იყო: განცხადებაში გახარია აზერბაიჯანულ მხარეს პირდაპირ ეუბნება, რომ მათ მიმართ არავითარი პრეტენზიები არ არსებობს. თუ ჩვენი მხრიდან ვიღაცის სასარგებლოდ უკანონოდ მოხდა მიწის დათმობა, რას ნიშნავს პრეტენზიები არ არსებობს? როგორც ჩანს, გეგმაც ასეთია, რომ სურთ, ეს შიდა საქმედ დარჩეს, რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ არის ძალიან მოკლე პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი თემა, რომელიც ძალიან მარტივი ამბისთვის დასჭირდათ და ეს ყველაზე კარგად მათი აქტივის და საჯარო მოხელეების კომენტარებში ჩანს – ჩანს პათოსში, რომელიც მათ „მესიჯბოქსად“ აქვთ მიღებული: მთელი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ანტიქართული ხელისუფლება შეიცვალა პატრიოტული ხელისუფლებით და ახლა ეს ხელისუფლებაა გადასარჩენი, რომ ხელისუფლებაში ისევ ის ანტიქრისტეები არ დაბრუნდნენ“,– განმარტა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში.


