Accentnews.ge
თანამომხსენებლები: „საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით გადამწყვეტი საკითხები კვლავ გადასაჭრელია“

თანამომხსენებლები: „საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით გადამწყვეტი საკითხები კვლავ გადასაჭრელია“

09/10/2020 15:58:57 პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი განცხადებას აქვეყნებენ, სადაც ისინი მოუწოდებენ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, აიღონ ვალდებულება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე, – იუწყება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი.

აღნიშნული განცხადებით თანამომხსენებლები ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანებიან, რომელიც თავის მხრივ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ეხება.

„ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიმართა ვენეციის კომისიას დასკვნისათვის აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამით შესაძლებელი იქნებოდა იმის უზრუნველყოფა, რომ კანონმდებლობის წინა ვერსიასთან მიმართებით ვენეციის კომისიის გამოთქმული რეკომენდაციები და პრობლემური საკითხები სრულად ყოფილიყო გათვალისწინებული. თუმცა, აღნიშნულ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის ახალი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ნათელია, რომ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, გამოვთქვათ წუხილი, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და კანონში ცვლილებები ისე მიიღო. მართალია, ვენეციის კომისიის წინა დასკვნიდან რამდენიმე რეკომენდაცია განხორციელდა, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც უპასუხოდ დარჩა მცირე, თუმცა არსებითი საკითხები. ეს განსაკუთრებით ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრებასა და საბჭოს წევრთა ხმებისა და სახელების გასაჯაროებას. აღნიშნულ გაუთვალისწინებელ რეკომენდაციათა განხორციელება აუცილებელია, რათა კანონმა სრულად უზრუნველყოს ადეკვატური საფუძვლის შექმნა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის მგრძნობიარე საკითხისათვის. ამდენად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, აიღონ ვალდებულება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე, ახალი პარლამენტის მოწვევისთანავე“,-ნათქვამია განცხადებაში.

მომხსენებლები აპირებენ ფაქტების შემსწავლელ ვიზიტს საქართველოში, მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, 31 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, თუ ამის საშუალება იქნება სანიტარული მდგომარეობიდან გამომდინარე. მომხსენებლები ასევე იმედოვნებენ, რომ დააკვირდებიან არჩევნებს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა დელეგაციის ფარგლებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S