
შვეიცარიამ საქართველო მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა
10/10/2020 15:31:29 საგარეო პოლიტიკა
შვეიცარიამ, გლობალური ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, საქართველო მაღალი რისკის ქვეყნებში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„2020 წლის 9 ოქტომბერს შვეიცარიის მთავრობის მიერ განახლებული იქნა მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სია რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, გლობალური ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, შეყვანილი იქნა საქართველოც.
შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 12 ოქტომბრიდან შემოვლენ შვეიცარიის ტერიტორიაზე საქართველოდან სხვადასხვა სატრანზიტო მარშრუტით, სატრანზიტო ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სტატუსის მიუხედავად, ვალდებულნი არიან გაიარონ 10-დღიანი კარანტინი/თვითიზოლაცია. აღნიშნული წესი ვრცელდება ნებისმიერ საქართველოდან შემოსულ პირზე, ხოლო წესის გვერდის ავლის შემთხვევაში გათვალისწინებულია მაღალი ჯარიმა -10 000 შვეიცარიული ფრანკი (კარანტინის წესები სრულად იხილეთ ქვემოდ მოცემული ბმულის საშუალებით).
შვეიცარიაში შემოსვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს თვითიზოლაცია ბინიდან, სასტუმროდან და ა.შ გაუსვლელად! დაუყოვნებლივ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში უნდა დაუკავშირდეს კანტონალურ უწყებებს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დაემორჩილოს მიღებულ ინსტრუქცია/რეკომენდაციებს. იხილეთ კანტონალური უწყებების მისამართები.
ასევე, მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, გამგზავრებამდე კომუნიკაციაში იყვნენ შესაბამის ავიკომპანიებთან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განსაზღვრონ მგზავრობასთან დაკავშირებული წესები, როგორიცაა „კოვიდ-19“-ის ტესტის წარდგენის აუცილებლობა და სხვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 253 პირი, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 11 271 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 6 119 გამოჯანმრთელდა, ხოლო 78 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100.
22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.