ვის ასახელებენ მოქალაქეები ოპოზიციური კოალიციის პრემიერობის სასურველ კანდიდატად – Edison Research–ის კვლევა
12/10/2020 17:08:53 პოლიტიკა
Edison Research-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 26% ამბობს, რომ ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, მისი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი დავით ბაქრაძე უნდა იყოს.
23%-ის აზრით, კანდიდატი გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) უნდა იყოს, 21% კი ამბობს, რომ კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს.
ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტების უმრავლესობას - 70%-ს - ერთპარტიულს კოალიციური მთავრობა ურჩევნია. კითხვაზე, საქართველოს მომავალზე დაფიქრებისას, კოალიციური მთავრობა ურჩევნიათ თუ ერთპარტიული, მხოლოდ 30% პასუხობს, რომ - ერთპარტიული.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა Edison Research–მა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.


