მაღალჩინოსანი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ კითხვამ გააღიზიანა და ჟურნალისტს აგინა [აუდიო]
13/10/2020 08:11:30 პოლიტიკა
ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდიმანიძემ „ბათუმელები“ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვარდიმანიძე წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურებრივი მანქანით გადაადგილების შესახებ კითხვამ გააღიზიანა.
როგორც „ბათუმელები“ განმარტავს, მედიასაშუალება დაინტერესდა, რატომ გადაადგილდება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის მანქანით, ვინაიდან ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა და კანონით იკრძალება. პასუხად კი ვარდიმანიძემ ჟურნალისტებს აგინა.
მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში საკუთარ ქცევას „გადაჭარბებული ემოცია“ უწოდა და დაწერა, რომ აღნიშნულს ნანობს.
"გულწრფელად ვნანობ ჩემს გადაჭარბებულ ემოციებს და მედიის წარმომადგენლის, ბათუმელების ჟურნალისტის მიმართ გამოთქმულ არაკორექტულ გამონათქვამებს.
ჩემი გაღიზიანება გამოიწვია არასწორმა და ღირსების შემლახველმა ინფორმაციმ, რომელიც ვრცელდებოდა ჩემს შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, ვიზიარებ ჩემს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს მომხდარის გამო", - წერს ის.
მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.
ქარტია მიიჩნევს, რომ: აუცილებელია არჩევად თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რაც თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული;
ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო პირებმა გააცნობიერონ ჟურნალისტებთან ურთიერთობისა და ამ ფორმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, იფიქრონ ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავონ მედიაზე თავდასხმის რისკები.
ქარტია მნიშვნელოვანად მიიჩნევს დაუყოვნებლივ რეაგირებას მსგავს შემთხვევებზე, იმისათვის, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ გახდეს გადამდები სხვა საჯარო პირებისათვის.


