რიგ საკარანტინე სივრცეებში საარჩევნო უბნები მოეწყობა
13/10/2020 10:20:50 პოლიტიკა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარის სულხან სალაძის ცნობით, საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირებისთვის არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. მანამდე არსებობდა ინფორმაცია, რომ მსგავსი ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის შესალებლობა შესაძლოა, 30 ოქტომბერს მიეცათ.
როგორც სულხან სალაძე ამბობს, ჯერ–ჯერობით არჩევნების ჩატარების ფორმის საბოლოო პროექტი შეთანხმებული არაა, თუმცა ცნობილია, რომ საკარანტინე სივრცეებში, სადაც 50 ამომრჩეველზე მეტია, სპეციალური უბნები გაიხსნება. ხოლო, სადაც ნაკლებია, მათთვის გადასატანი ყუთები იქნება უზრუნველყოფილი.
"ამ პროექტში სპეცუბნებისთვის, კენჭისყრის ჩატარების თარიღად 30 ოქტომბერი აღარ არის მოაზრებული სპეცუბნებისთვის. საუბარია, რომ 31 ოქტომბერს ჩატარდება ამ შემთხვევაშიც, ოღონდ იმ საკარანტინე სივრცეებში, სადაც 50-ზე ნაკლები ამომრჩეველი იქნება, არ გაიხსნება ცალკე უბნები", - განაცხადა სულხან სალაძემ.
ასევე, როგორც სალაძე აღნიშნავს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება გადასატანი ყუთით ექნებათ. ხმის მიცემის მსურველებმა ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 4 დღით ადრე უნდა მიაწოდონ.
"თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ექნებათ საშუალება, რომ მისცენ ხმა, უბრალოდ მათ 4 დღით ადრე უნდა დააფიქსირონ, რომ ხმის მიცემის სურვილი აქვთ. როგორც ხდება გადასატანი ყუთით სარგებლობის მსურველი პირების მიერ ზოგადად ჩვენი კანონმდებლობით, თუმცა ცხადია რეგულაციები განსხვავებულია",- ამბობს სულხან სალაძე.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საკარანტინე რეჟიმში 5 590 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1393.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.


