ტიხანოვსკაიამ ლუკაშენკოს “სახალხო ულტიმატუმი” წაუყენა და 25 ოქტომბრამდე მისცა ვადა

13-10-2020 17:29:34 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები მას “სახალხო ულტიმატუმს” უყენებენ და 3 მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად ვადას 25 ოქტომბრამდე აძლევენ.

“რეჟიმს 13 დღე აქვს, რათა 1. ლუკაშენკო გადადგეს; 2. ქუჩებში ძალადობა სრულად შეწყდეს; 3. ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყანა მშვიდობიანად გავა ქუჩაში, 26 ოქტომბრიდან კი დაიწყება ეროვნული დაუმორჩილებლობა ყველა საწარმოში, მაღაზიებში და ა.შ., ასევე გზების ბლოკირება” – წერს ტიხანოვსკაია თავის ტელეგრამ-არხზე.

იხილეთ ასევე: ბელარუსის შსს მომიტინგეებს საბრძოლო იარაღის გამოყენებით დაემუქრა

ყოველდღიური მასობრივი პროტესტი ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც გამარჯვებულად კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. იგი უკვე მეექვსე ვადით იყრიდა კენჭს. ყველაზე ხალხმრავალი აქციები, რომელზეც 100-დან 200 ათასამდე ადამიანი გადის, კვირაობით იმართება. მომიტინგეები ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ. პროტესტის ჩახშობის მცდელობებს უკვე სულ მცირე, ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ 6 დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა თვლა ათასებზე მიდის.

ევროკავშირის ქვეყნები და აშშ არჩევნების შედეგებს არ სცნობენ, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც ლუკაშენკოს კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა, მათ შორის - ძალისმიერს. თავად ლუკაშენკომ საიდუმლო ინაუგურაცია ჩაატარა, რამაც მისი მოწინააღმდეგეები კიდევ უფრო განარისხა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები