
ხიდაშელის თქმით, რუკის მოძიება ივანიშვილის თხოვნით დაიწყო
13/10/2020 20:24:56 საგარეო პოლიტიკა
დავით გარეჯის საქმის მთავარი მოწმე, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ რუკის მოძიება მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის თხოვნით დაიწყო და ჰყვება როგორ ჩაუვარდა ხელში კარტოგრაფიული მასალა.
ხიდაშელის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული თხოვნით მას 2019 წლის სექტემბერში მიმართა და დეტალური ინფორმაციისთვის დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გადაამისამართა.
"2017 წელს, რომ ჩამოვედი, ვთხოვე შეხვედრა ბიძინა ივანიშვილს. მაშინ გავიცანი ის, მოვუყევი რას ვაკეთებდი საზღვარგარეთ და რა გეგმები მაქვს საქართველოში. მე არ ვარ პოლიტიკოსი, არ მაქვს ამის ამბიცია და არავითარ პოლიტიკურ მოძრაობაში არ ჩავრეულვარ მთელი ცხოვრების განმავლობაში. რუკებს ვაკეთებ უკვე 2000 წლიდან. შვეიცარიაში რომ მოვხვდი 1993 წელს, ვიყავი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი საგზაო მოძრაობის დარგში. 2000 წელს შეიქმნა მეორე არასამთავრობო ორგანიზაცია 44 გეოფიზიკური ინსტიტუტის მიერ - მიწისძვრების და კატასტროფების რისკის შემცირების ორგანიზაცია. ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ სისტემისთვის ვაგროვებდით რუკებს. შეგროვილი მაქვს დაახლოებით 100 ათასზე მეტი რუკა.
ბიძინა ივანიშვილს პირველად შევხვდი 2017-ში მაშინ გავიცანი, მაგის მერე კავშირი არ მქონია, დაბადების დღეს მივულოცავდი, თვითონაც მილოცავდა, 2019 წლის სექტემბერში დამირეკა, ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა, მაშინ მომიყვა, რომ პრობლემები შეიქმნა დავით გარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით, მან მთხოვა დახმარება, რომ მომეძია რაღაც რუკა და რომ ჩავეძიე რა გინდათ და რაში სჭირდება ჩემი დახმარება, მითხრა, რომ დაურეკე ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის სამინისტრომ იცის ეს დეტალები. პირველი შოკი მივიღე მაშინ, იმიტომ რომ ძალიან გამიკვირდა, რატომ შეიძლება მოეთხოვა, ვიცი ვინ არის ბიძინა, ვიცი რა საშუალებები და რესურსი აქვს და ლაპარაკში ეუბნება შვეიცარიაში მაცხოვრებელ ვიღაც ქართველს, რომ დამეხმარე. მაგის რესურსების და ფულის პატრონი რომ მე მომთხოვს, რომ რუკა მიშოვე, წარმოვიდგინე, რომ ძალიან ცუდად არის საქმე ამ საკითხის, ვინაიდან არაფერს არ უღირს 10 ან 100 მილიონი რომ ეპოვა ეს რუკები, მაგრამ როდესაც დავიწყე ჩაძიება დავრწმუნდი, რომ ფულით ეს საქმე, ასე ადვილად ვერ გადაწყდებოდა. დავურეკე ღარიბაშვილს, მან მომცა თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული სამსახურის ტელეფონი, ისინი შეგხვდებიან და დეტალურად მოგიყვებიან, რას ვეძებთ და რა გვაინტერესებსო. ეს ყველაფერი ხდება ტელეფონით, ვინაიდან მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი. ვთხოვე ჩემს მეგობარ ბეჟან მაისურაძეს, რომ ღარიბაშვილი თუ გახსოვს ჩვენი სოფლის გვერდზე ცხოვრობდა ისიც, თავდაცვის სამინისტროში მიხვიდე და გაიგო, ზუსტად რა უნდათ, ვინაიდან ტელეფონში არ მეუბნებიან, ძალიან დიდი თემაა, მიდი და ითამაშე იგივე კურიერის როლი", – განაცხადა ხიდაშელმა "რუსთავი 2"–ის ეთერში.
როგორც ხიდაშელი ირწმუნება, მისთვის ცნობილი არ იყო, რომ მისმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ იგორ გიორგაძესთან ერთად დააფუძნა ფონდი "თანამემამულე".
"პირველად გავიგე მაგის შესახებ და მგონი, თვითონაც არ ახსოვდა, ჟურნალისტებს ვეკითხებოდი, ის ბეჟან მაისურაძეა, ვისაც ფონდი აქვს, ისაა ნამდვილად. მე როგორც ვიცი, 20 000 ბეჟან მაისურაძეა საქართველოში. არ მილაპარაკია ჯერ, უნდა ჩამოვიდეს, გზაშია, ჩამოვა და დამიდასტურებს, მაგრამ აბსოლუტურად არ მაინტერესებს. გინდა გიორგაძესთან ჰქონდეს კავშირი. ვთხოვე მეზობელს, მომიტანე, მიდი, გამოართვი რუკები. როგორც ვიცი ბეჟან მაისურაძე შეხვდა კარტოგრაფიის სამსახურს, თავდაცვის სამინისტროს, გადმოსცეს რამდენიმე საბუთი და რამდენიმე რუკა, გადმომცა და გამომიგზავნა ეს რუკები" - განაცხადა ხიდაშელმა.
"რუსთავი 2"–ის ეთერში მან ისაუბრა, თუ როგორ აღმოაჩინა 1938 წლით დათარიღებული დოკუმენტი, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიის შიგნითაა მოქცეული.
მისი თქმით, შესაბამისი დოკუმენტი საქართველოს არქივში მოიპოვა, თუმცა რუკის ორიგინალი დღემდე არ უპოვია.
"პირველი ინფორმაცია ის იყო, რომ საქართველოს საზღვარი აზერბაიჯანთან, პირველი ლეგალური საბუთებით რაც დადგინდა, დადგინდა 1920 წელს, როცა ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას აზერბაიჯანის სოციალისტურ რესპუბლიკასთან და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. აქ მაქვს ეს დოკუმენტები, რომელსაც მოჰყვება რუკა. ეს არის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის რუკა 1920 წლის მერე შექმნილი. ამ რუკაზე პირველად აღმოვაჩინე, რომ საქართველოს საზღვარი გადის მდინარე მტკვრის კალაპოტთან, ჯანდარის ტბა აქაა და დავით გარეჯის მონასტერი იმყოფება 30-კილომეტრში ამ საზღვრიდან. 1925 წელსაც გამოსცეს მეორე რუკა, აქაც დავით გარეჯთან საზღვარი ქვემოთ ჩადის მთის ძირში, მაგრამ დავით გარეჯი მაინც დარჩა საქართველოს ტერიტორიაზე. 1925 წლის მერე შექმნეს 1930 და 1931 წელს. ეს რუკები საქართველოში მოვიპოვე. ვინც რუკებითაა დაკავებული, იმან უნდა იცოდეს სად ეძებოს. ვეძებდი ბუკინისტურ მაღაზიებში, ანტიკვარულ მაღაზიებში, წიგნების მაღაზიებში.
ყურადღების მისაქცევია, რომ მოვიპოვეთ საბუთი, იგივე არქივში, საქართველოს არქივში სადაც ნაჩვენებია, რომ 1937 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარიატი, კომისარი აზერბაიჯანის ცენტრალურ კომიტეტს, რომ გაარკვია შინაგან საქმეთა სამინისტრომ რესპუბლიკებს შორის რუკები ერთმანეთს რაღაც არ ემთხვევა. ამიტომ, თუ შეიძლება ჩამობრძანდით 5 მარტს 12 საათზე ამ რესპუბლიკების წარმომადგენლები, ვინაიდან ჩვენ გვაქვს დავალებული საზღვრების გავლება. ჩამობრძანდით, გავიაროთ და გავაკეთოთ ეს საზღვრის გარკვევა. 1938 წლის 5 მარტს ჯგუფი შეიკრიბა თბილისში, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები და ორი კარტოგრაფიული ინსტიტუტის დირექტორი და ორ დღიანი მუშაობის შედეგად საზღვრის ხაზი გაავლეს. ამ საბუთებში წერია, მასალები აქვს დართული, წერია, რომ 500 ათასიანი მასშტაბის რუკებზე ხელი მოაწერეს და გადასცეს დასამტკიცებლად. ამაზე მიდებული იყო რუკა, მაგრამ მე დღესდღეობით ეს რუკა არ მინახავს. ორიგინალი, ან ორიგინალიდან კოპიო ამ რუკის მე დღემდე ვერ ვიპოვე. ამიტომ მე დავიწყე მოძიება - რადგან არსებობს ქაღალდი და არის მითითებული რის საფუძველზე გააკეთეს, დავიწყე მოძიება, ამის უკან რა საბუთი დევს და სად არის ეს საბუთი. ვიპოვეთ მეორე რუკა 1938 წლით დათარიღებული, იმავე საქართველოს არქივში, უკვე გამოცემული რუკა პირველი ივნისისთვის. ანუ, 5 მაისს თუ მოეწერა ხელი აზერბაიჯანის პრეზიდიუმში, ერთ თვეში გამოსცეს ადმინისტრაციული საზღვრები, მოცემულია 1938 წლის პირველი ივნისისთვის. აქაც არის იგივე მითითებული, რომ ეს მთა უდაბნო საქართველოს ტერიტორიაზე და ამ მთის ძირში გადის ეს საზღვარი. 38 წელში არსებობდა მხოლოდ 200 ათასიანი და 500 ათასიანი მასშტაბის რუკა", - განაცხადა დავით ხიდაშელმა.
მისი თქმით, 1938 წლიდან 1942 წლამდე დოკუმენტებში საზღვარი იყო ქედს ქვემოთ. 1938 წლის დოკუმენტში საზღვარი გადის მთის ქედის ქვემოთ, მაგრამ არ არის თანდართული რუკა, მეორეს მხრივ, ჩნდება 40-იან წლებში შედგენილი რუკა, რომელზეც საზღვარი არის აწეული და გადის სამონასტრო კომპლექსის ზოლთან, თუმცა ხიდაშელის თქმით, არც საბჭოთა საქართველოს და არც საბჭოთა აზერბაიჯანს ახალი სასაზღვრო ზოლი არ დაუმტკიცებია.
"რუკა 1942 წელშია გამოშვებული, 1945 წელში არის ხელმოწერილი და გაგზავნილი. საზღვარმა ამ რუკაზე გადმოიწია მთის წვერზე. მაგრამ არსად არ არის დამტკიცებული, დაიბეჭდა რუკა 1:100000 იანი მასშტაბით, მაგრამ არც საქართველომ 1945 წელში და არც აზერბაიჯანმა არ დაამტკიცა. ასეთი რუკები არის ადვილი გამოსაყენებელი, გამოსაჩენი და დაიწყეს ამის ხმარება ტარება აქეთ-იქით ამ დონეზე. მას შემდეგ იბეჭდება ასეთი რუკა", - განაცხადა დავით ხიდაშელმა.
მისივე განცხადებით, 1996 წელს აზერბაიჯანი-საქართველოს შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 1938 წლის შეთანხმების შესაბამისად გაივლოს საზღვარი, თუმცა ამ შეთანხმების შესაბამისი რუკის მოძიება, დავით ხიდაშელის თქმით, ვერ მოხერხდა.
"ვერ მივაგენით, რომ ვკითხეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ამ კომისიის წევრებს რომ შეეკითხნენ თავდაცვის სამინისტროდან, მაშინ გადასცეს, რომ ჩვენ ეს რუკა ვერ ვიპოვეთო. მაგრამ სომხეთმა გადმოგვცაო მეორე რუკაო და ამ რუკით უნდა ვისარგებლოთო", - განაცხადა დავით ხიდაშელმა, თუმცა მისი თქმით, ამ რუკის შესაბამის მტკიცებულებად გამოყენება არ შეიძლება, "რადგან თარიღებიც და ხელმოწერებიც ზემოდანაა დაკრული".
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მან ასევე მოიძია საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ამერიკული რუკა, რომელზეც, მისი თქმით, მკაფიოდ ნაჩვენებია, რომ საზღვარი გადის მთის ძირში, მთა უდაბნოსთან:
"მოვიძიე საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ამერიკული რუკა, გამოშვებული ამერიკული არმიის მიერ. საერთაშორისო ორგანიზაციაში რომ ვმუშაობდი, ვმუშაობდი ამერიკულ ბიბლიოთეკებთან, ამერიკულ რუკებს ვინც უშვებდა იმ ორგანიზაციებთან და მოვიძიეთ ასეთი რუკა ამერიკაში. 51 წელი დაწერეს, სადაც მკაფიოდ ნაჩვენებია აქაც, რომ ჩავწვდებით, სად გადის საზღვარი, საზღვარი გადის მთის ძირში, მთა უდაბნოსთან და საზღვარი მკაფიოდ ჩანს სად გადის. მოვიძიეთ მეორე რუკა, ეს არის გამოშვებული 54 წელში, მოვიძიე მეორე რუკა ამერიკული, გამოშვებულია 78 წელს ვაშინგტონში, თავდაცვის სამინისტროს რუკების სააგენტო, დამოწმებული არის საჰაერო თვითმფრინავების საფრენად, სადაც ნაჩვენებია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადის მთის ძირში. ეს ამერიკული რუკა მოცემულია და მითითებული აქვს, რომ გერმანელების და რუსული რუკიდანაც ავიღეთ. ავიღე ეს გერმანული რუკაც გამოცემული. სხვადასხვა არქივებსა და მუზეუმებში ავიღე. რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს გერმანულ და ამერიკულ რუკებს".
დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ მის მიერ მოპოვებული მასალების ასლები საქართველოში სახელმწიფო უწყებებსა და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს გადასცა.
"მე მოვიტანე ეს მასალები ივლისში, აგვისტოში დავურიგე სხვადასხვა სტრუქტურებს, რომ ნახეს ეს ვითარება, თქვეს: "უი, ჩვენთან არჩევნები მოდისო". მე ვუთხარი, არჩევნები მოდის... ეგ ჩემი საკითხი არ არის და ეგ თქვენ გადაწყვიტეთ. მე ჩავუტანე ეს რუკები საქართველოს, მე ვარ საქართველოს მოქალაქე. არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი, არ მაინტერესებს ვინ გაიმარჯვებს და ვინ არა. პრინციპულად არ მინდა მივიღო არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ, რომ არ გამხვიონ შარში ამას უჭერ მხარს, იმას უჭერ მხარს.. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, იმან უნდა აიღოს ეს საბუთები და მერე გაარკვიოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან", – განაცხადა დავით ხიდაშელმა "რუსთავი 2"–ის ეთერში.
ვინ არის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი
დავით გარეჯის საქმის ფიგურანტი ამბობს, რომ ის მსოფლიოს 40 ქვეყანაში ფლობს ბიზნესებს.
"დავით ხიდაშელი არის საქართველოს მოქალაქე. არასდროს არ ვყოფილვარ სხვა ქვეყნის მოქალაქე. 25 წელია შვეიცარიაში ვცხოვრობ. ვარ ბიზნესმენი, მაქვს ბიზნესები მსოფლიოს 40 ქვეყანაში. ძალიან მრავალფეროვანი ბიზნესი მაქვს. არის სატელეკომუნიკაციო ბიზნესი, მედიცინის ბიზნესი, ბიოტექნოლოგიების ბიზნესი. ვფლობ ამ ბიზნესებს, ზოგჯერ ვმართავდი, მაგრამ დღესდღეობით, 100 პროცენტით ვმუშაობ ჩემზე. საბერძნეთში მე ვარ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბერძნული კომპანიაა "ინტერ კომ ტელეკომის" და 15-20 პროცენტი ჩემი ბიზნესია. სხვა ბიზნესებიცაა. რუსულ კორპორაცია "სისტემის" ჩემი მეგობარია ამ კომპანიის მფლობელი, რომელსაც ვიცნობ 390 წელზე მეტია, მაგ ორგანიზაციაში მუშაობას დავანებე თავი 2014 წელს, ვინადან რუსეთის მთავრობამ შეუქმნა პრობლემები და კომპანიას როცა ჰქონდა 35 მილიარდი ბრუნვა, მისი ბრუნვა ჩამოვარდა 8-10 მილირად დოლარზე მაშინვე", - განაცხადა დავით ხიდაშელმა.
ცნობისთვის: პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები ბრალდებას არ აღიარებენ.