„კარტოგრაფების საქმე“: „ხიდაშელის საჯარო განცხადებასა და ჩვენებაში აცდენებია“
14/10/2020 09:18:50 სამართალი
„კარტოგრაფების საქმის“ ფარგლებში დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი საქმეში არსებულ რიგ გარემოებაზე საუბრობს, მათ შორის, მისი შეფასებით, ერთ–ერთი მთავარი მოწმის დავით ხიდაშელის საჯარო განხადებებსა და ჩვენებაში აცდენები ფიქსირდება, რაზეც დაცვის მხარე სასამართლოში ყურადღებას გაამახვილებს.
„ხიდაშელის [ბიზნესმენი, რომლის მიერ რუსეთიდან საქართველოში ჩამოტანილი რუქის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო] მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება სცდება მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს და ეს მოწმის სანდოობის თვალსაზრისით ძალიან დიდ კითხვებს აჩენს: ჩვენებაში ხიდაშელი ამბობს, რომ მას დაუკავშირდა ვინმე ბეჟან მაისუეაძე და სთხოვა რუქების მოძიება, საჯარო ჩვენებაში კი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მას ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა“,– განმარტავს ადვოკარტი.
კიდევ ერთი გარემოება, რაზეც ადვოკატი ამახვილებს ყურადღებას, ამავე საქმის ფარგლებში დაკავებულ ნატალია ილიჩოვას უკავშირდება:
„ირმა გაბუნია, რომელმაც ნატალია ილიჩოვა ჩაანაცვლა კომისიაში, ჩენებაში ამბობს, რომ 200 000–იან რუქებს ილიჩოვა მასთან, კაბინეტში ინახავდა. ანუ, ილიოვა და გაბუნია შსს–ში ერთ კაბინეტში მუშაობდნენ. ამდენად, პროკურატურის აქცენტირება, თითქოს, ეს რუქები მხოლოდ ილიჩოვას კაბინეტში ინახებობა და მხოლოდ მას ჰქონდა წვდომა, ცალსახად მცდარია“.
ამასთან, ადვოკატის ყურადღება კომისიის წევრის მალხაზ მიქელაძის ჩვენებამ მიიპყრო, რომელშიც 2018 წლის მოვლენებზეა საუბარი.
„მიხეილ ჯანელიძემ [ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი] სთხოვა კომისიის წევრებს, კარტოგრაფებს, რომ შეესწავლათ ეს რუქები [სადავო –1938 წლის რუქები, რომლის საფუძველზეც ორი კარტოგრაფია დაკავებული] კიდევ ერთხელ. კარტოგრაფებმა მიიღეს დასკვნა, რომ ეს რუქები ცალსახად სცდებოდა 500 000–იან რუქას, რომელზეც სახემწიფოთაშორისი შეთანხმება იყო და ჯანელიძემ გადაწყვიტა, რომ 200 000–იანი რუქის საკითხი მოლაპარაკებების დროს არ დაესვა პრემიერ–მინისტრის დონეზე“,– ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ბრალდებით 2 პირი დააკავა. დაკავებულები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. მათ ამ დროისთვის წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.


