კობერიძე მოთხოვს, პარლამენტმა არჩევნების გადადების საკითხზე იმსჯელოს
16/10/2020 12:10:22 პოლიტიკა
პარტია „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე კორონავირუსის პანდემიის გამო არჩევნების გადადების საკითხზე საპარლამენტო მსჯელობის გამართვას მოითხოვს.
კობერიძე პარლამენტის თავჯომარეს არჩილ თალკვაძეს და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს მოუწიდებს, მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე, სპეციალური სხდომა, რომელზეც საკითხზე ინფექციონისტებისა და დარგის სხვა სპეციალისტების ჩართულობით იმსჯელებენ.
"მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს, მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე, სპეციალური სხდომა, ინფექციონისტებისა და დარგის სხვა სპეციალისტების ჩართულობით.
აუცილებელია გაფართოებულ და საჯარო ფორმატში გაიხსნას რეალური მსჯელობა საკითხზე: რამდენად მძიმეა კოვიდ-ვითარებასთან დაკავშირებული პროგნოზი და მოლოდინები, არსებული მდგომარეობა უქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.
ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად ღია და არა დახურულ, ერთპარტიულ ფორმატში, როგორც დღეს ამას პრემიერმინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აკეთებს, უნდა ვიმსჯელოთ, პანდემიის მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხზე",-აცხადებს კობერიძე.
16 ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანაში ჯამში ვირუსის 15 327 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 7613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 გარდაიცვალა.
საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 31 ოქტრომბერსაა დანიშნული.
15 ოქტომბრის ბრიფინგზე პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არჩევნების გადადებაზე საუბრის საფუძველი არ არსებობს.


