
"ევროპულმა საქართველომ" დაგეგმილი მარში გააუქმა
16/10/2020 12:12:18 პოლიტიკა
"ევროპულმა საქართველომ" 17 ოქტომბრისთვის დაგეგმილი მარში გააუქმა. გადაწყვეტილება ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააცნო და განმარტა, რომ აღნიშნული კორონავირუსის გაზრდილ მაჩვენებელს უკავშირდება.
"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია, ვიღებთ გადაწყვეტილებას, ეს აქცია აღარ გაიმართება და ამითი შევიტანოთ ჩვენი წვლილი მოსახლეობის დაცვაში ჩვენი წვლილი", - თქვა ბაქრაძემ.
მისი თქმით, პარტია კვლავ გააგრძელებს წინასაარჩევნო პერიოდში აქტივობებს, მათ შორის გამართავს აქციებსაც:
"ჩვენ გვექნება შეხვედრებიც, აქციებიც, მაგრამ ეს ერთი კონკრეტული აქცია, იყო სრულიად განსხვავებული ფორმის და ფორმატის, რადგან ამ ერთ აქციაზე მოხდებოდა სხვადასხვა რაიონებიდან ათასობით ადამიანის თავშეყრა, რაც გაზრდიდა რისკს და მოხდებოდა მსვლელობა, რომლის დროსაც რთულია დისტანციის გაკონტროლება".
17 ოქტომბერს პარტია მრავალათასიან აქციას გეგმავდა, სადაც სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსულ მათ მხარდამჭერებს უნდა მოეყარათ თავი. აქციის ბოლოს იგეგმებოდა მსვლელობა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე.