თარხნიშვილს თავს დაესხნენ

16-10-2020 20:11:52 პოლიტიკა

გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს „ევროპული საქართველოდან“ ლევან თარხნიშვილს და მისი შტაბის წევრებს თავს დაესხნენ.

როგორც შტაბის წევრები აცხადებენ, თავდასხმაში 10–მდე პირი მონაწილეობდა. თავდასხმას კი წინ თარხნიშვილის საარჩევნო პლაკატების დაზიანება უძღოდა. კერძოდ, შტაბის წევრების განცხადებით, თარხნიშვილის პლაკატებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის პოსტერი გადააკრეს.

„ხელჩართული ჩხუბი იყო“,– აღნიშნავენ შტაბის წევრები.

თარხნიშვილის თქმით, მომხდარი ფაქტი არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რაშიც „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.

„პროვოკაცია მოხდა სოფელ მეჯვრისხევის ახალუბანში, სადაც დაგვხვდა ექვსამდე ადამიანი, რომლებმაც გამოიწვიეს პროვოკაცია და ჩხუბი. ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც ერთი კვირის წინ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა იგივე პრობლემა. ეს შემთხვევითობა არ არის, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და მინდა, მოვუწოდო პირველ რიგში მთავრობას, რომ თავიდან ბოლომდე გამოიძიონ ეს საქმე, რადგან არსებობს ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს, ვინ არიან ეს აქტივისტები“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა „ქართულ ოცნებაში“. რეგიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი მიხეილ გოგინაშვილი აცხადებს, რომ ახალუბანში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ კანდიდატის პლაკატებს ხევდნენ, მოსახლეობისგან შენიშვნის შემდეგ კი, მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი ცეცხლსასროლი იარაღით დაიმუქრა.

გოგინაშვილი დაპირისპირებასა და პროვოკაციაში თავად „ევროპულ საქართველოს“ ადანაშაულებს და სამართალდამცველებს მომხდარის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები