
ცერცვაძე – ბათუმის აქციაზე: "ეს იყო მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ"
17/10/2020 16:43:41 საზოგადოება
"არ მინდა, პოლიტიკურ თავყრილობაზე კომენტარი, მაგრამ შეკრება ბათუმში იყო მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ", – ასე შეაფასა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბათუმში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" მიერ 16 ოქტომბერს გამართულ აქცია.
"არ მინდა კომენტარი, რადგან ეს იყო პოლიტიკური თავყრილობა და სწორედ ამიტომ მიდის ქვეყანა ასეთ პოლიტიკაზე, რომ მეტი თავისუფლება მისცეს მოსახლეობას, ამ მეტი თავისუფლების შედეგად მეტი შემთხვევები დაფიქსირდება, ამ მეტი შემთხვევების ტვირთი თავის თავზე აიღოს სწორედ იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურმა ძალებმა არ დაიწუწუნონ და არ თქვან, ჩვენ ხელი შეგვეშალა კამპანიაშიო. ამიტომ, მე არ მინდა ამაზე ამ კუთხით გავაკეთო კომენტარი, მაგრამ რა თქმა უნდა თვითონ, ის შეკრება იყო იმის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ.
იმ შეკრების დროს უგულებელყოფილი იყო ის მინიმალური რეგულაციები, რომელიც დაწესებულია. ნუ ვიქნებით ჩვენი თავის მტერი. ხომ შეიძლებოდა, ზუსტად იგივე შეკრება ჩატარებულიყო ისე, რომ ნიღბები ჰქონოდათ გაკეთებული. ვინ დამაჯერებს მე, რომ იქ რომ ყველას ჰქონოდა ნიღაბი გაკეთებული, ეს რაიმე ნაკლებად შთამბეჭდავი იქნებოდა მათი მომხრეებისთვის, ვიდრე უნიღბოდ გამოსვლა. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ იყო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
16 ოქტომბერს, როცა აჭარა "წითელი ზონაა" და კორონავირუსი 342 ადამიანს დაუდასტურდა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ძალა ერთობაშიასთან" ერთად ხალხმრავალი აქცია გამართა. აქციის მონაწილეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციაც. აღნიშნულის გამო ენმ და "ძალა ერთობაშია" მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება" და სახალხო დამცველმა გააკრიტიკეს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 214 პირი, 4 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 16 285 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 827 გამოჯანმრთელდა, 128 პაციენტი გარდაიცვალა.