
ცერცვაძე განმარტავს, რა შემთხვევაში ჩაიკეტება ქვეყანა ხელმეორედ
17/10/2020 16:35:46 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო ქვეყნის ჩაკეტვისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როდესაც ჯანდაცვის სექტორი ვეღარ შეძლებს კორონავირუსით ინფიცირებულების ადეკვატურ მართვას.
როგორც მან "პირველ არხს" განუცხადა, ამ ეტაპისთვის არ არის შემთხვევები, რომ ჰოსპიტალიზაციის გარეშე დარჩეს ის, ვისაც ეს სჭირდება.
„ამის ინდიკატორი იქნება ის, როცა შემთხვევები იმდენად მოიმატებს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ მის ადეკვატურ მართვას, ანუ, როდესაც ექიმების ტესტირების რესურსი და ჰოსპიტალური სექტორის რესურსი არ ეყოფა ამას. ეს იქნება 1 500-ზე, 2 000-ზე, თუ 3 000-ზე, წინასწარ ამის თქმა შეუძლებელია. ახლა ყოფნის, 3 000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული. ვერ გეტყვით, რომ ახლა საწოლები თავზე გადაგვდის და ცარიელია, მაგრამ პრაქტიკულად, არ არის შემთხვევები, როდესაც ჰოსპიტალიზაციის გარეშე რჩებოდეს ის, ვისაც ეს სჭირდება. ასეთი შემთხვევები იყო ერთეული, რომ რამდენიმე საათით დაიგვიანა ჰოსპიტალიზაციამ ან, შეიძლება, მაქსიმუმ ერთი დღით. ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად კონტროლქვეშ არის ყველაფერი და ქვეყანა თავს ართმევს ამ მართვას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ და დასძინა: "ჩემი რჩევაა მოსახლეობისადმი, რომ მინიმალური რეგულაციების კეთილსინდისიერად შესრულებით, თავიდან ავიცილოთ უფრო მკაცრი შეზღუდვები".
იხილეთ ასევე: COVID-19 საქართველოში: რამდენი საწოლის მობილიზება და ექიმის გადამზადება შეძლო სახელმწიფომ
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 214 პირი, 4 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 16 285 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 827 გამოჯანმრთელდა, 128 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 388.
22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.