"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად განვითარდნენ ჩვენი სახელმწიფოს გასაძლიერებლად"

18-10-2020 13:55:51 პოლიტიკა

"ხობში, წარდგენაზე " - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ ხობში, წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელს გუნდს ნდობისთვის.

ვიყო ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია. დღეს მე მაქვს პატივი წარმოვადგენდე გუნდს, რომელმაც შეძლო და ხობში არაერთი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი განახორციელა. ბევრ სოფელში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, გაზიფიცირდა მუნიციპალიტეტის არაერთი დასახლება, ჩვენს ბევრ მოქალაქეს მოუგვარდა სასმელი წყლის პრობლემა, ჩატარდა სამელიორაციო სამუშაოები, სოფელში გაკეთდა ხიდები და ამბულატორიები, დასრულდა ხობის ცენტრალური პარკის მშენებლობა. ხობს უკვე აქვს სასწრაფო დახმარების ახალი შენობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად თითოეულ სოფელში ხორციელდება ჩვენი მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტები. აღსანიშნავია, რომ ხობელები აქტიურად სარგებლობენ სოფლის პროგრამებით , რაც აისახება მუნიციპალიტეტში აღნიშნული სფეროს განვითარებაზე.

მიუხედავად დიდი პროგრესისა, ხობელები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია გაზიფიცირება და წყალმომარაგება. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ორი მთავარი პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრას. მნიშვნელოვანია დასაქმების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით კარგ შედეგს მოგვიტანს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რითაც საგრძნობლად გაიზრდება მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

ჩვენი გუნდი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე დაფუძნებული პარტიაა და ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად განვითარდნენ ჩვენი სახელმწიფოს გასაძლიერებლად" - განაცხადა ხახუბიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები