სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე რჩევით მიმართავს
19/10/2020 11:49:14 პოლიტიკა
საქართველოს ექსპრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, არ გადადოს 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები.
"ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი - გადადოს არჩევნები და მიიღოს, პრაქტიკულად ნული ხმები, რაც მათთვის ძალიან ცუდი სცენარია ან ჩაატაროს არჩევნები და გადავიდეს ოპოზიციაში საკმაოდ კარგი წარმომადგენლობით პარლამენტში იმიტომ, რომ ჯერ კიდევ აქვს შანსი, იყოს სერიოზული ოპოზიცია", - განაცხადა სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში და დასძინა, რომ ხელისუფლების წაგებაში დარწმუნებულია.
ამასთან, სააკაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, "დაგუგლოს" და არჩევნების დროს სამხრეთ კორეაში გამოყენებული უსაფრთხოების წესები საქართველოშიც დანერგოს.
19 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კოვიდსტატისტიკის გაუარესების მიუხედავად, საქართველოში არჩევნები არ გადაიდება.
როგორც გახარია ამბობს, 31 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლა უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე იმ მაღაზიებში, სადაც მოქალაქეები ყოველდღიურად დადიან.


