კობახიძე ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმების პრევენცია საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია
20/10/2020 08:26:28 პოლიტიკა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმების პრევენცია და ამ თვალსაზრისით ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. რუსული მხრიდან კიბერთავდასხმები სერიოზული გამოწვევაა. შარშან იყო მძიმე შემთხვევა, წელსაც იყო ასევე სერიოზული თავდასხმა ჯანდაცვის სამინისტროზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის გამოწვევად რჩება. ბუნებრივია, აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს თანამშრომლობას ამერიკელ პარტნიორებთან, მათ შორის უწყებების დონეზე. ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება სრული თანამშრომლობა იმისთვის, რომ გამოძიებები ბოლომდე იყოს მიყვანილი. რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმების პრევენცია ჩვენთვის პრიორიტეტეულია. ამ კუთხით გრძელდება თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მომავალშიც გაგრძელდება“,-განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის („გრუ“) 6 ოფიცერს რამდენიმე ქვეყნის მიმართ ჰაკერული თავდასხმის გამო, ბრალი წაუყენა.
დეპარტამენტის განცხადებით, ჰაკერები კომპიუტერულ შეჭრასა და თავდასხმებში მონაწილეობდნენ, რითაც უკრაინაში, საქართველოსა და საფრანგეთში არეულობის მოწყობას ცდილობდნენ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპიუტერული შეტევების დროს „გრუს“ ჰაკერებმა მსოფლიოში ყველაზე მავნე პროგრამები -KillDisk-ი და Industroyer-ი გამოიყენეს.


