კახა ოქრიაშვილი: „საქართველოში ყველაზე მაგარი მაჟორიტარი ვარ“
21/10/2020 06:00:15 პოლიტიკა
“ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელსაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ უჭერს მხარს, აცხადებს, რომ „ყველაზე მაგარი მაჟორიტარია“ და თანამშრომლობს თავად კი არ სესთავაზა, არამედ, პირიქით.
ოქრიაშვილმა 20 ოქტომბერს „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მას მაჟორიტარული წესით კენჭისყრა არ შესთავაზა, „სიაში ადგილზე იყო საუბარი“, რაზეც უარი თქვა.
„მქონდა განცხადებებიც, რომ თუ შემომთავაზებდა „ქართული ოცნება“ მაჟორიტარად კენჭისყრას, მივიღებდი ამ წინადადებას. მათ ეს არ შემომთავაზეს, შემომთავაზეს სია, ეს იყო თავისუფლების დაკარგვის ტოლფასი. მე თავისუფლებას არ დავკარგავდი, ამიტომ უარი ვთქვი“, – განაცხადა ოქრიაშვილმა გადაცემაში საუბრისას.
მისივე თქმით, თანამშრომლობა ენმ–მ შესთავაზა:
„ნაციონალურ მოძრაობასთან მე არ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ მე რომ მეყარა კენჭი დამოუკიდებლად ან სხვა პარტიით, მაინც გავიმარჯვებდი“.
როგორც ოქრიაშვილი ფიქრობს, არჩევნებში მისი წარმატების ფორმულა იმაში მდგომარეობს, რომ კარგი მაჟორიტარია.
„[არჩევნებში მონაწილეობის] არანაირი მოტივაცია არ მაქვს გარდა იმისა, რომ ვიყო ძალიან კარგი პარლამენტარი და მაჟორიტარი და ვთვლი, რომ მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში 4-ჯერ ერთი და იგივე მუნიციპალიტეტი არ ამირჩევდა რეკორდული მაჩვენებლით“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის: 2020 წლის აგვისტოში ოქრიაშვილმა ბიზნესმენ და ყოფილ პარლამენტარ ცეზარ ჩოჩელთან ერთად ახალი პარტია დააარსა — „პროგრესი და თავისუფლება“.


