„ძალიან ცუდია, რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია, ხალხი მძევლად აიყვანოს და მერე დაუსჯელი წავიდეს“
22/10/2020 07:43:50 პოლიტიკა
“ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის შეფასებით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასხმა იმ მძიმე გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ შექმნა.
მისი თქმით, შექმნილ გარემოში ადამიანებს განცდა აქვთ, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია და მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის.
„ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დამთავრდა, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია, შევიდეს ბანკში, მოითხოვოს ფული, ხალხი მძევლად აიყვანოს და მერე დაუსჯელი წავიდეს. ეს არის მძიმე შედეგი იმ გარემოსი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, გარემოში, რომელშიც კრიმინალს გასდის ყველაფერი, რომელშიც კრიმინალი თანამშრომლობს, მათ შორის საარჩევნო მიზნებისთვის სახელმწიფოსთან. ამ გარემოში გვაქვს განცდა, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია და მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის. ეს ძალიან მძიმე განცდაა, რომელიც ალბათ, კიდევ დიდი ხანი გაყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, - განაცხადა კაპანაძემ.
„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა ერთ-ერთ მძევალს რამდენიმე ტელეკომპანიაში დაარეკინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურდა 500 ათასი დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია.
რამდენიმე საათში გამტაცებელმა სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკი და ავტომანქანით გაემგზავრა. მძევლებს შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა, რომელიც გამტაცებელს საკუთარი ნებით გაჰყვა.
რამდენიმე წუთით ადრე კი ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ „ფეიბუკზე" დაწერა, რომ პოლიციის წარმომადგენლებმა გამტაცებელთან ფული მიიტანა.
შსს აცხადებდა, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია.
რამდენიმე საათში გამტაცებელმა დანარჩენი მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა გაათავისუფლა.
უკვე ყოფილმა მძეველმა ლაშა შენგელიამ „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ ისინი სიბნელეში, მისთვის უცნობ ადგილზე გაათავისუფლეს. შენგელია ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს. ის ადასტურებს, რომ გამტაცებელს ხელყუმბარა ჰქონდა. ლაშა შენგელიას ინფორმაციით, გამტაცებელი მიიმალა.
როგორც შსს აღნიშნავს, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.


