"დამნაშავე სასწრაფოდ უნდა იყოს დაკავებული, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის აღქმა"
22/10/2020 09:56:45 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სამართალდამცველების უმთავრესი ამოცანა მძევლების უსაფრთხოება იყო, ხოლო დღეს ამოცანა დამნაშავის სასწრაფოდ დაკავებაა.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შს სამინისტროს და სამართალდამცავ სისტემას დღეს აქვს უმთავრესი ამოცანა, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი უმოკლეს ვადებში, სასწრაფოდ იყოს დაკავებული. ესაა ამოცანა საბოლოო შედეგს მიღწევამდე“,– ამ მოკლე კომენტარით გამოეხმაურა პრემიერი მთავრობის სხდომაზე 21–22 ოქტომბერს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს.
„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა ერთ-ერთ მძევალს რამდენიმე ტელეკომპანიაში დაარეკინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურდა 500 ათასი დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია.
რამდენიმე საათში გამტაცებელმა სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკი და ავტომანქანით გაემგზავრა. მძევლებს შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა, რომელიც გამტაცებელს საკუთარი ნებით გაჰყვა.
რამდენიმე წუთით ადრე კი ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ „ფეიბუკზე" დაწერა, რომ პოლიციის წარმომადგენლებმა გამტაცებელთან ფული მიიტანა.
შსს აცხადებდა, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია.
რამდენიმე საათში გამტაცებელმა დანარჩენი მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა გაათავისუფლა.
უკვე ყოფილმა მძეველმა ლაშა შენგელიამ „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ ისინი სიბნელეში, მისთვის უცნობ ადგილზე გაათავისუფლეს. შენგელია ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს. ის ადასტურებს, რომ გამტაცებელს ხელყუმბარა ჰქონდა. ლაშა შენგელიას ინფორმაციით, გამტაცებელი მიიმალა.
როგორც შსს აღნიშნავს, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.


