ბარამიძე ამბობს, რომ ენმ–ის ხელისუფლების დროს „არა მხოლოდ გადაცდომებს, სასტიკ დანაშაულსაც“ ჰქონდა ადგილი
23/10/2020 17:36:48 პოლიტიკა
შს ყოფილი მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ენმ–ის ხელისუფლების დროს არა მხოლოდ გადაცდომებს, არამედ სასტიკ დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„კრიმინალთან ბრძოლის განსხვავებული მეთოდები ჰქონდა თქვენს ხელისუფლებას: გადამეტებული ძალის გამოყენებით, სხვადასხვა ოპერაციები იყო, რომელთნ დაკავშირებითაც კონკრეტული განაჩენებიც დადგა. მაგრამ სამომავლოდ რა იქნება თქვენი გზა და ხერხები კრიმინალთან ბრძოლის? ვინ არის გარანტი, რომ კიდევ არ ექნება ადგილი გადაცდომას, რომელზეც მე მგონი ყველანი ვთანხმდებით, რომ იყო?“– იკითხა ბუკა პეტრიაშვილმა.
პასუხად გიორგი ბარამიძემ განაცხადა:
„არა მხოლოდ გადაცდომებს, ძალიან უხეშ, სასტიკ დანაშაულს, რისთვისაც, რომ იტყვიან, პრეზიდენტი სააკაშვილის თამადობით, საზოგადოებას ჩვენ, ყველამ გულწრფელი ბოდიში მოვუხადეთ“.
დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რომელ საქმეს მოიაზრებდა ის სასტიკ დანაშაულში, ბარამიძემ რამდენიმე გახმაურებული საქმე გაიხსენა:
„ბუტა რობაქიძის ფაქტი და ა.შ. რა თქმა უნდა, გირგვლიანის ფაქტი...ეს არის ის მწარე გაკვეთილი, რომელიც ჩვენ, ყველას გვაქვს მიღებული და არა მარტო უგულო, იდიოტიც უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი სამომავლოდ არ გაითვალისწინო“.
მისივე თქმით, მსგავსი ფაქტებისგან დაზღვევის გარანტია არა პოლიტიკოსის სიტყვა, არამედ სისტემური მიდგომა უნდა იყოს და ამ კონტექსტში პოლიტიკოსმა ყურადღება მართლმსაჯულების რეფორმირების თაობაზე ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე გაამახვილა ყურადღება.


