კობახიძე ენმ–ს კორონავირუსული ინფექციის მიზანმიმართულად გავრცელებაში ადანაშაულებს
26/10/2020 08:36:03 პოლიტიკა
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აჭარაში კორონავირუსის შემთხვევებს "ნაციონალური მოძრაობის" "დივერსიულ აქტს" უკავშირებს. კობახიძემ ენმ–ს კორონავირუსული ინფექციის მიზანმიმართულად გავრცელებაში დასდი ბრალი.
"ბათუმში რაც მოხდა, ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს დივერსიული აქტი, მით უმეტეს, რომ შედეგები არის სახეზე. დღეები რომ გადავთვალოთ, პირდაპირ ემთხვევა აქციასა და ვირუსის გავრცელებას შორის ვადები, შესაბამისად, ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება, ეს იყო შეგნებული დივერსიული აქტი, მიზანი იყო პანდემიის გავრცელება. მათ იმედი აქვთ, რომ მათ მიერვე გავრცელებული პანდემია რაღაცნაირად აისახება არჩევნების შედეგებზე. რაც მოხდა ბათუმში, გრძელდება სხვა რეგიონებში, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მათთვის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არაფერს ნიშნავს", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის: ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" აქცია 17 ოქტომბერს გაიმართა.აქციაზე არ იყო დაცული პანდემიის გამო გაცემული რეკომენდაციები. ამ დღეს აჭარაში კორონავირუსის 226 შემთხვევა დადასტურდა, დღეს - 296.


