"გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ ყალბ ვიდეომასალებს"

26-10-2020 13:01:00 პოლიტიკა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამომრჩეველს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სთხოვს, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია მასალებს ამზადებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლითაც ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბება არის შესაძლებელი“.

როგორც კობახიძე ამბობს, ამგვარი ვიდეომასალები სოციალურ ქსელში შესაძლოა, არჩევნების წინა ან არჩევნების დღეს გამოქვეყნდეს.

"ამომრჩეველს ვთხოვთ, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ, რისი ტირაჟირების ინტენსივობა უკანასკნელი კვირების განმავლობაში დღითიდღე იზრდება.

გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად Deepfake. შეგახსენებთ, რომ ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი.

ამგვარი მასალები სოცქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს, ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს. მიზანი არის მორიგი ფეიკნიუსის, დეზინფორმაციის გავრცელება, უკვე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად შეიძლება "ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელი ვიდეოგამოსახულება შეიძლება დაედოს, სადაც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ამბობს იმას, რასაც რეალურად არ ამბობს. რა შეიძლება იყოს ეს კონკრეტულად, შინაარსობრივად, ეს მე არ ვიცი. შეიძლება მე ვიყო, შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იყოს, შეიძლება იყოს კახი კალაძე, გიორგი გახარია და ა.შ. ნებისმიერი ადამიანის არა მარტო საუბრის, არამედ - ვიდეოგამოსახულების გაყალბება შეიძლება. მეტი დეტალი არ ვიცით," - ირწმუნება კობახიძემ.

განახლება

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ "დიფ ფეიკი, ანუ ღრმა სიყალბე" ქართული ოცნებაა, რომელსაც არჩევნებზე 35%-ზე მეტის აღების შანსი არ აქვს.

"დიფ ფეიკი ანუ ღრმა სიყალბე თვითონ ქართული ოცნებაა, რომელსაც შანსი არ აქვს, რომ არჩევნებში 35%-ზე მეტი აიღოს, ასე რომ ხელი აიღეთ ყოველგვარი გაყალბების მცდელობისგან, იმიტომ რომ ამას ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ.

მოქალაქეებს მოვუწოდებ, მოდით არჩევნებზე იმისათვის, რომ ის უსამართლობა, გაჭირვება, სიღარიბე და უპერსპექტიობა, რაც დღეს საქართველოშია ერთხელ და სამუდამოდ შევცვალოთ.

თითოეულ მოქალაქეზე და ამომრჩეველზეა დამოკიდებული საქართველო აღმშენებლობას დაიწყებს თუ კვლავ ამ დიდ სიყალბეში იქნება, ამ დიდ ფეიკში, რომელსაც ისინი რვა წელია ტირაჟირებენ. ქართული ოცნების თითოეული ლიდერი მართლაც დიფ ფეიკია, თვითონ გამდიდრდნენ, ხალხი კი გააღარიბეს" - გიორგი ვაშაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები