
ალიევმა განმარტა, რა შემთხვევაში გამოიყენებს თურქეთის „ეფ–16“-ს
26/10/2020 10:20:05 კავკასია
თურქეთის „ეფ 16“-ის ტიპის თვითმფრინავები უცხოური აგრესიის შემთხვევაში იქნება გამოყენებული, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოსახლეობისადმი მორიგი მიმართვისას განაცხადა.
ამასთან, ალიევმა აღნიშნა, რომ „ვისაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ჰუმანიტარული ზავი სურს, პარალელურად სომხეთს იარაღს უგზავნის. ალიევმა რამდენიმე დღის წინაც განაცხადა, რომ სომხეთი დიდი რაოდენობით იარაღს იღებს უცხოეთიდან და ჩადიან მებრძოლებიც.
„კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობით ან ომით. ჩვენ მზად ვართ, შევჩერდეთ, როგორც კი ბაქო წარმოადგენს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხური ჯარების გაყვანის რეალურ გრაფიკს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
იხილეთ ასევე: „შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ სომხეთს იარაღს უფასოდ აწვდიან”
ცნობისთვის: 25 ოქტომბერს, აშშ-მ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ადგილობრივი დროით 26 ოქტომბრის 08:00 საათიდან ამოქმედდება ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება. მას წინ უძღოდა ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოლაპარაკებები აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. დღეს კი მხარეებმა ზავის დარღვევაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.
გასული ორი კვირის განმავლობაში, კონფლიქტის მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ორჯერ შეთახმდნენ, მათ შორის რუსეთის შუამავლობით, თუმცა საზავო შეთანხმება არ შესრულდა.
მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა რამდენიმე რაიონზე. ორივე მხარეს დაღუპულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.