ბ.ე.– ს ბიძა ადასტურებს, რომ ყოფილი ჯარისკაცის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
26/10/2020 11:00:13 სამართალი
ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ბიძა აცხადებს, რომ ბ.ე.–ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ამჟამად მისი მშობლები ცხოვრობენ, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საუბარია ყოფილ სამხედროზე, რომელიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „საქარველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარით მიიმალა.
„საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. თუ იყო ეჭვმიტანილი, ჩატარდება ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები...ახლა სადაა, არ ვიცით. ჩვენ ისიც არ ვიცით, ეჭვმიტანილია თუ არა; რატომ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები – ამ საქმესთან დაკავშირებით, სხვა საქმეზე...ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით“,– განუცხადა "ტვ პირველს" ბიძამ.
მანამდე მედიას ბ.ე.–ს ძმამ – ბიძინამ განუცხადა, რომ მისი ოჯახის წევრის მისამართით დეზინფორმაცია ვრცელდება, თავად ძმა თბილისშია სამკურნალოდ და მედიისთვის კომენტარს სავარაუდოდ, 27 ოქტომბერს გააკეთებს.
მისივე თქმით, ბოროტმოქმედსა და მის ძმას შორის მსგავსება არაა. იგივე პოზიცია აქვთ ადგილობრივებსაც. მათივე განცხადებით, ბ.ე. სოფელში 21 ოქტომბრის დილით და ორი დღის წინაც ნახეს.
ცნობისთვის: შეიარაღებული ბოროტმოქმედი "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:21 საათზე შეიჭრა, მძევლები აიყვანა და 500 000 დოლარი მოითხოვა. 26 ოქტომბრის მდგომარეობით, 43 მძევალი თავისუფალია, თავისუფალია თავდამსხმელიც, ფული კი გატაცებული. 22 ოქტომბერს შს მინისტრმა დააზუსტა, რომ ბოროტმოქმედს „საქართველოს ბანკის“ თანხა გადასცეს.


