ბადრი ესებუას მამა: „ხვალ ან ზეგ მოვა“

27-10-2020 10:17:47 სამართალი

შსს–ს მიერ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელად დასახელებული ბადრი ესებუას ოჯახის წევრები პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ შინ დღეს დილით დაბრუნდნენ.

როგორც ესებუას მამამ ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველებმა სახლიდან გარკვეული ნივთები წაიღეს, მასთან კი კითხვები შვილთან ბოლო კომუნიკაციის შესახებ ჰქონდა.

მამა დარწმუნებულია, რომ ბანკში განვითარებულ მოვლენებთან მის ვაჟს არანაირი შეხება არ ჰქონდია და ამბობს, რომ მსგავსი რწმენის საშუალებას თავდამსხმელისა და ბადრის გარეგნული მონაცემები აძლევს: მამა მათ შორის მსგავსებას ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის.

მამა ასევე დარწმუნებულია, რომ ბადრი ესებუა ზუგდიდში გამოჩნდება და მედიასთან კომენტარს თავად გააკეთებს.

„ხვალ ან ზეგ მოვა“,– განუცხადა ესებუამ მედიას.

მამა ამბობს, რომ ბოლო კომუნიკაცია ბადრი ესებუასთან 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 17:00 საათზე ჰქონდა, უთხრა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და თბილისში სამკურნალოდ მიდიოდა.

მისივე თქმით, არც მას და არც ოჯახს ფინანსური პრობლემები არ ჰქონია, არც იარაღი.

ცნობისთვის: ბოროტმოქმედი 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:21 საათზე „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და ათეულობით ადამიანი მძევლად აიყვანა. მოგვიანებით 43 მძევალი ბოროტმოქმედმა გაათავისუფლა, ნახევარი მილიონი აშშ დოლარი კი გაიტაცა და მიიმალა. 26 ოქტომბერს შსს–ში განაცხადეს, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და რომ ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. 26 ოქტომბერსვე ცნობილი გახდა, რომ ქმედებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, ხოლო 27 ოქტომბრის მონაცემებით, საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტულმა ცენტრმა გადაიბარა.

ამ დროისთვის სავარაუდო ბრალდებულის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: რა ვიცით „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ

ახალი ამბები

სხვა სიახლეები