გახარია ასაჯაროებს, რა დავალება მიიღო შსს–მ ზუგდიდში მძევლების აყვანისას

27-10-2020 17:52:37 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში ბოროტმოქმედის შეჭრისას პოლიცამ მიიღო დავალება, სისხლი არ დაღვრილიყო.

„შს სამინისტრომ და ქართულმა პოლიციამ იმ დღეს [21 ოქტომბერს] მიიღო კონრეტული დავალება, რომ „წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვაროს“ და მათ ეს დავალება პირნათლად შეასრულეს. ვიმეორებ, ეს იყო დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და შეასრულეს.

რაც შეეხება მეორე ნაწილს – ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება“,– განაცხადა გახარიამ.

მან სახელმწიფო ინსტიტურების მიმართ კრიტიკისთვის მედიას და პოლიტიკოსებს უსაყვედურა.

„როდესაც მოსახლეობაში პანიკას ვთესავთ, არჩევნები რომ დასრულდება და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად რომ გაიმარჯვებს, თქვენი, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იგივე პოლიციამ უნდა დაიცვას და დარწმენულებული ვარ, თქვენ იქნებით პირველი, რომლებიც დასვამთ შეკითხვას დისკრედიტირებული პოლიციის ომოქმედობის გამო.

მე შს სამინისტროში ორი წელი ვიმუშავე. ზედმიწევნით ვგრძნობ, რას გრძნობს თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი. მინდა, მათ მხარდაჭერა გამოვუცხადო, როგორც თითოეულ სამხედროს, რომლიც უბრალოდ იმიტომ, რომ სამ დღეში არჩევნებია, უსამართლო ცილისწამების სამიზნეები გახდნენ. ეს ამორლურია! ეს ტოქსიკური ხუთი დღე გაივლის და ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ საზოგადოება დავაზიანოთ. შეუძლებელია, ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის ტრაგედია, რომელიც ზუგდიდში დატრიალდა. შეუძლებელია, როდესაც ჩვენი საზოგადოების ნაწილს ვხედავთ, რომელიც უკიდურესად გულგატეხილია იმის გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა და დღეს პოლიციას ამხელს, რომ თურმე პოლიცია უმოქმედო და უუნაროა – ეს ესე არაა! ამას ჩვენი საზოგადოება სულ მალე დაინახავს და მივხვდებით ამ აჟიოტაჟის ფასს არჩევნებიდან მეორე–მესამე დღეს“,– განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშალოს, მაგრამ "მიზანს ვერ მიაღწევენ".

"ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, მაგრამ ეს უბრალოდ მიუღწევადია, ვერ მიაღწევენ. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ენერგიას არ იშურებს, რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს ეპიდემიოლოგები და ექიმები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან. პარალელურად, იგივე დარტყმას დღეს აყენებენ პოლიციას, პარალელურად იგივე დარტყმას აყენებენ ჯარს. თქვენ რა გგონიათ, რომ ექიმები არ ცდებიან? ან პოლიციელები არ ცდებიან? ან მე არ ვცდები? ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ამ ქვეყნის ინსტიტუტების გაძლიერება, ინსტიტუტების, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ. ეს ის ექიმები, პოლიციელები და სამხედროები არიან, რომლებიც პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩეველს იცავს".

ცნობისთვის: ბოროტმოქმედი 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:21 საათზე „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და ათეულობით ადამიანი მძევლად აიყვანა. მოგვიანებით მან 43 მძევალი გაათავისუფლა, ნახევარი მილიონი აშშ დოლარი კი გაიტაცა და მიიმალა. 26 ოქტომბერს შსს–ში განაცხადეს, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და რომ ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. 26 ოქტომბერსვე ცნობილი გახდა, რომ ქმედებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, ხოლო 27 ოქტომბრის მონაცემებით, საქმე, მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტულმა ცენტრმა გადაიბაროს. სავარაუდო დამნაშავე ჯერ კიდევ მიმალვაშია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები