აშშ–ის ელჩი: „თავისუფალ არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა ან სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა“
28/10/2020 07:59:52 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ მოიცავს, არ ხორციელდება ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა ან სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა, რომ მათ კონკრეტულ პარტიას მისცენ ხმა. ამის შესახებ ელჩი საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან საუბრობს. ინტერვიუს ჩანაწერს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სცილდება მხოლოდ არჩევნების დღეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს პროცესს, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და სანდო, და ის ხალხმა ლეგიტიმურად უნდა მიიჩნიოს. სამართლიან არჩევნებში, თავისუფალ არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა ან სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა, რომ ხმა მისცენ ერთ პარტიას ან დაწინაურების პირობა, რომ ხმა მისცენ სხვა პარტიას.
თავისუფალი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი უდრის ერთ ხმას. ეს არ ნიშნავს, ბიულეტენების ჩაყრას, არც მრავალჯერადი ხმის მიცემას არც გაყალბებას გამარჯვებისთვის. ვფიქრობ, ქართველი ხალხი შემოგვიერთდება, რომ ყურადღების დავაკვირდეთ მათ არჩევნებს, რათა ვნახოთ, რამდენად დაიცავს საქართველო მაღალ სტანდარტებს, რომელიც დაიკისრა. ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანის თქმით, სურს, 31 ოქტომბერს იხილოს ამომრჩევლის აქტიურობა.
„მსურს, ვნახო კანდიდატები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმის ახსნაზე, როგორ შეასრულებენ ამომრჩეველთა პრიორიტეტებს, როგორიცაა: სამუშაო ადგილების შექმნა და ზრდის სტიმულირება. ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის, დათესოს დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში. მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი გარემო არჩევნებისა და მის მომდევნო დღეს, რათა ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა. მე მსურს, ამ შაბათს ვიხილო ამომრჩეველთა ძალიან მაღალი აქტივობა“, – აცხადებს კელი დეგნანი.


