ამირან გამყრელიძე: "არჩევნების პროცესი იქნება საკმაოდ უსაფრთხო"
28/10/2020 08:14:32 პოლიტიკა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ მოქალაქეები რეგულაციებს დაიცავენ არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა, რათა დაცული იყოს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება.
„რა თქმა უნდა ტრენინგები ჩატარებული აქვთ კომისიის წევრებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა, მოიქცევა ისე და გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს რაც არის, რომ ყველა ვიქნებით პირბადით, ეს არის მთავარი რეკომენდაცია, რომ ყველა ვიყოთ პირბადით და ნუ შევქუჩდებით და დავიცვათ დისტანცია რიგის დროს, არჩევნების პროცესი იქნება საკმაოდ უსაფრთხო. არჩევნები ისეთი რამეა, რომელიც ხდება ოთხ წელიწადში ერთხელ, წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ ირჩევა საქართველოს ახალი პარლამენტი, მე ვფიქრობ, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში.
საქართველოში არჩევნები კორონავირუსის პირობებში 31 ოქტომბერს ტარდება. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მხოლოდ ის ნაწილი შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაში იყო რეგისტრირებული და ცესკოს დამატებით სიებში დარეგისტრირდა.
ბოლო რამდენიმე დღეა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1900-ს არ აღემატებოდა.


