„ევროპული საქართველო“: „ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან "ლოქდაუნის" გამოცხადებას გეგმავს“
28/10/2020 08:24:16 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა მომავალი კვირიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ თემაზე დებატები აუცილებელია და „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დისკუსიისთვის იწვევენ.
„ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ორშაბათიდან (2 ნოემბერი) "ლოქდაუნის" (ჩაკეტვა) გამოცხადებას გეგმავს. ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფონის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ.
ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.
განახლება
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და ამ თემაზე საუბარს სპეკულაცია უწოდა.
"ხელისუფლების მხრიდან უმაღლეს დონეზე ლოქდაუნთან დაკავშირებით არა ერთი განცხადება გაკეთდა, პრემიერმა, მთავრობამ გააკეთეს ეს განცხადებები. მკაფიოდ ითქვა, არავითარი ლოქდაუნი არ იგეგმება. ლოქდაუნი გამოცხადდება ერთადერთი - ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს ლოქდაუნს გამოუცხადებს ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს", - აღნიშნა კობახიძემ.


