ენმ განმარტავს, რასთან დაკავშირებით იგეგმება აქცია 31 ოქტომბერს
28/10/2020 13:21:54 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გია ბარამიძე ადასტურებს, რომ 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს საპროტესტო აქციას გეგმავენ. "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში მან არ დააკონკრეტა მიტინგის დრო, თუმცა აღნიშნა, რომ ეს იქნება "გამარჯვების აქცია" პარლამენტის წინ.
"ჩვენ ვგეგმავთ გამარჯვების აქციას და გვინდა, რომ პარლამენტის წინ ეს აღვნიშნოთ. 8 წელიწადია იძახიან, რომ დესტაბილიზაციას ვახდენთ, სახელმწიფო გადატრიალებას ვახდენთ, საბურავებს ვაგროვებთ. სად არის? შიშს დიდი თვალები აქვს, იციან რომ აგებენ და არ უნდათ, რომ ეს დათმონ და ისიც იციან, რომ ხალხის ძალას ვერაფერს ვერ დაუპირისპირებენ. გამარჯვებული ადამიანები რომ შეიკრიბებიან, მერე როგორ დაიწერენ გაყალბებულ ციფრებს, ეგ რომ ვერ მოხდება, ეს კარგად იციან და ამის ეშინიათ," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილ აქციაზე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ენმ 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს რუსთაველის გამზირზე "მრავალათასიანი" აქციის გამართვას აპირებს, რაც, მდინარაძისვე აზრით, "სასოწარკვეთილების პიკი" და ფსონის სიტუაციის რადიკალიზაციაზე დადებაა.
დღესვე ბრიფინგი გამართა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდერმა. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია დესტრუქცული ქმედებებისთვის ემზადება.
მერიაში აცხადებენ, რომ აქციის გამართვის თაობაზე შეტყობინება შესულია, როგორც 29, ასევე 31 ოქტომბრისთვის.


