Accentnews.ge
აჭარის ტელევიზია რიჟვაძესთან დაკავშირებული მასალის წაშლას კიბერშეტევას უკავშირებს

აჭარის ტელევიზია რიჟვაძესთან დაკავშირებული მასალის წაშლას კიბერშეტევას უკავშირებს

29/10/2020 05:25:28 სამართალი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ დაადასტურა, რომ მისი ვებსაიტიდან წაიშალა მასალა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში მომხდარ ინციდენტს ასახავდა.

საუბარია სოფელ დიდაჭარაში მომხდარ ინციდენტზე, როცა ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს დაუპირისპირდა.

მაუწყებელი გავრცელებულ განცხადებაში მასალის წაშლასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ „მიუხედავად სხვადასხვა დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების მხრიდან მრავალრიცხოვანი პერიოდული კამპანიური შემოტევებისა და უსაფუძვლო ბრალდებებისა, მაუწყებელი აგრძელებს მიუკერძოებლად მუშაობას და ფაქტებისა და მოვლენების ობიექტურად და დაბალანსებულად გაშუქებას, ეს კი, როგორც ჩანს, დიდ გაღიზიანებას იწვევს მათში, ვინც არ არის დაინტერესებული იმით, რომ მაუწყებელმა შეძლოს ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირების გაგრძელება და შეინარჩუნოს ორგანიზაციული სტაბილურობა და მდგრადობა“.

მაუწყებლის მტკიცებით, 28 ოქტომბერს აჭარის მაუწყებლის წინააღმდეგ სავარაუდოდ, მოხდა ჰაკერული თავდასხმა, რის შედეგადაც ვებ–გვერდიდან გაქრა ერთ-ერთი მასალა.

მაუწყებელი მიიჩნევს, რომ ეს იყო „კარგად ორგანიზებული, დესტრუქციული ქმედება და მიზნად ისახავდა მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკის დისკრედიტაციას და მასში დაძაბულობისა და დაპირისპირებების ახალი ტალღის აგორებას, რადგან მსგავსი მასალის ოფიციალური საიტიდან წაშლას საზოგადოება აუცილებლად შეამჩნევდა და სათანადო რეაქციაც ექნებოდა“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ინფორმაციით, მენეჯმენტმა ინციდენტის გამოძიებისთვის მიმართა სამართალდამცველებს, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ მაუწყებელში და ჩაატარეს შესაბამისი მოქმედებები, ხოლო წაშლილი მასალა ტექნიკურმა სამსახურმა მალევე აღადგინა და ის კვლავ ხელმისაწვდომია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S