„დავანახოთ მსოფლიოს, როგორ შეგვიძლია კოვიდის პირობებში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნების ჩატარება“
29/10/2020 06:18:48 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ, გლობალური ეპიდემიაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოიყენონ.
მთავრობის მეთაური ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.
„მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, განსაკუთრებით ეს აშკარაა ევროპაში. ჩვენთანაც, სამწუხაროდ, ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ყველას მოგეხსენებათ, ამავე დროს, ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო პროცესში. სულ მალე, რამდენიმე დღეში გვაქვს არჩევნები. სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ, გლობალური ეპიდემიაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოიყენონ. მინდა, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდო მეტი პასუხისმგებლობისკენ, მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცავთ წესები, ერთად მოვუწოდოთ მოქალაქეებს, რომ ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, 31 ოქტომბერს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება და ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილი წესები.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ნაკლები შეზღუდვისკენ, წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის და ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენების. რამდენიმე დღე, რომელიც დარჩა არჩევნებამდე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს. მინდა, გითხრათ, რომ ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რომლებიც ეპიდემიოლოგების მიერ იყო დადგენილი და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავანახოთ მსოფლიოს, როგორ შეგვიძლია აქ, საქართველოში კოვიდის პირობებში ერთ-ერთი საუკეთესო, დემოკრატიული, ღია არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა გახარიამ.


