Accentnews.ge
რუსეთი – აფხაზეთი: შთანთქმის ტიპი – “პარტნიორულ-მეგობრული”?

რუსეთი – აფხაზეთი: შთანთქმის ტიპი – “პარტნიორულ-მეგობრული”?

30/10/2020 12:31:53 კონფლიქტები

დასასრული ჯერ არ დამდგარა – ის ჯერ წინაა. მაგრამ პროცესის ბოლო (ან, მინიმუმ, ბოლოს წინა) ფაზა უკვე დაწყებულია: ომის დასრულებიდან 27 და აღიარებიდან 12 წლის შემდეგ მოსკოვი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში აფხაზური საზოგადოების წინაშე “უსაფრთხოების გარანტად”, “თანასწორ სტრატეგიულ პარტნიორად”, “სანდო მეგობრად”, “მთავარ იმედად და საყრდენად” პოზიციონირებდა, აფხაზეთის პრაქტიკულად ღია შთანთქმაზე გადავიდა.

რატომ – ახლა? ამასთან დაკავშირებით მედიასა და სოცქსელებში ორი ძირითადი ვერსია განიხილება: 1. როცა ცხადი გახდა, რომ კრემლის გეგმა “ა”-მ – “აშშ-ის ჯინაზე” საკუთარი “კოსოვოს” შექმნამ – სრული კრახი განიცადა (აფხაზეთი რუსეთის გარდა, მხოლოდ მისი აშკარა სატელიტების მცირე ჯგუფმა აღიარა, მაშინ, როცა კოსოვო – გაერო-ს ქვეყნების ნახევარმა, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრების უმრავლესობამ), მოსკოვმა აამოქმედა გეგმა “ბ” – სცენარი პირობითი სახელწოდებით "საბოლოო შთანთქმა"; 2. ახლა, როდესაც აფხაზეთი კორონავირუსთან ბრძოლაში გადარჩენას ცდილობს, კრემლისთვის ადვილია, თავისი პოლიტიკური გეგმები “ზედმეტი ყურადღებისა და ხმაურის გარეშე” განახორციელოს. შესაძლოა, მომენტის შერჩევისას მოსკოვი ორივე ამ ფაქტორს ითვალისწინებდა, შესაძლოა, იყო სხვა ფაქტორებიც. თუმცა ახლა ამის ანალიზს აზრი აღარ აქვს – პროცესი ხომ უკვე დაიწყო…

მიმდინარე მოვლენების ანალიზს აზრი ჰქონდა და აუცილებელიც იყო ჯერ კიდევ მაშინ – 1990-იანების შუა პერიოდში, როდესაც რუსეთი აფხაზეთის ფრაგმენტარულ შთანთქმას იწყებდა. რისკების გათვლა საჭირო იყო მთელი შემდგომი წლების განმავლობაში, როდესაც კრემლი წარმატებით და შეუჩერებლად ასრულებდა ამ ამოცანას, აფხაზეთი კი (ნებსით თუ უნებლიედ) მადლიერებით თანხმდებოდა რუსულ რუბლს, როგორც ერთადერთ საგადახდო საშუალებას, აფხაზური ეკონომიკისა და სოციალური სფეროს რუსეთის ბიუჯეტიდან პირდაპირ დოტირებას, მოსახლეობის უმრავლესობის მიერ რუსული პასპორტების აღებას, რუსული ბაზების განთავსებას, “დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვრების” რუსი მესაზღვრეების მიერ კონტროლს, 2014-ში ე.წ. იმ დიდი ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც მთელი რიგი სახელმწიფო სტრუქტურების შერწყმას ითვალისწინებდა და ქმნიდა იურიდიულ ფუნდამენტს რუსეთის მთელი შემდგომი მოქმედებისათვის...

ნაკლებ სავარაუდოა, აფხაზეთში ვერავის შეემჩნია, რომ ეს პროცესი “ორი სუვერენული სახელმწიფოს თანამშრომლობის” სახელწოდებას მხოლოდ ფორმალურად ატარებდა. ნაკლებ სავარაუდოა, მთელი ამ წლების განმავლობაში აფხაზეთში არავის მოსვლოდა აზრად, შეექმნა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების რაიმე სტრატეგია, - მასზე დაყრდნობით ხომ დღეს მოსკოვისთვის წინააღმდეგობის უფრო ეფექტურად გაწევა იქნებოდა შესაძლებელი. თუმცაღა, როგორც არაერთხელ გვიჩვენა მსოფლიო გამოცდილებამ, მოსკოვისთვის არანაირი სტრატეგიები, კონსტიტუციები, კანონები და ნორმები არ წარმოადგენს წინაღობას, მისთვის მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას და კრემლი ამ პრინციპს საკუთარი მოსახლების მიმართაც კი იყენებს, რომ აღარაფერი ვთქვათ დანარჩენებზე...

ასეა თუ ისე, აქტიური შთანთქმის ფაზა დაწყებულია და აფხაზეთში ამას უკვე პრაქტიკულად ყველა ამჩნევს. მოსკოვიდან ჯერ განცხადებები (ზახარ პრილეპინის, ალექსანდრე პროხანოვის, ვლადიმირ ჟირინოვსკის და სხვების) გაისმა აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის “აუცილებლობის” თაობაზე. და თუ ცხინვალმა (დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის სახით) რუსი მარგინალების ამ თითქოსდა არაფრის დამავალდებულებელ მოწოდებებს სასწრაფოდ “ორივე ხელით” დაუჭირა მხარი, სოხუმის მხრიდან მათ მწვავე პროტესტი მოჰყვა (დე ფაქტო პარლამენტმა განაცხადა, რომ მსგავსი ინიციატივები "უკიდურესად ნეგატიურად აღიქმება აფხაზი ხალხის მიერ” და "ხელს არ უწყობს რუსეთთან ჭეშმარიტად კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს", ხოლო დე ფაქტო საგარეო უწყებამ – რომ "რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება და შეუქცევადი ხასიათისაა"). ამიტომაც ამ ეტაპზე რუსული გეგმა “ბ” აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური “ინტეგრაციის” დონეზე ხორციელდება.

ასე, გასული წლის დეკემბერში სოხუმში მოსკოვიდან “ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის განვითარების მიზნით კანონმდებლობების ჰარმონიზაციის გეგმა” მიიღეს. როგორ აღიქვამდა მას იმჟამინდელი დე ფაქტო ხელისუფლება – ძნელი სათქმელია, რადგან აფხაზეთში (ფორმალურად – სხვა მიზეზით) დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე იგი გადადგა და მართვის სადავეებთან სხვა ადამიანები მოვიდნენ. ეს უკანასკნელები მოსკოვის “პარტნიორულ-მეგობრულ” წინადადებებს აშკარად ენთუზიაზმის გარეშე ეკიდებოდნენ, სანამ კრემლმა “გასაგებად” არ აუხსნა მოსკოვში დაბარებულ დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას, რომ ეს ის წინადადება არ არის, რომელზეც სოხუმს უარის თქმა შეუძლია… და ახლა “მაჰარმონიზებელი” პაკეტი აფხაზურ “პარლამენტში” დევს განსახილველად.

საუბარი კი მასში (თუ აფხაზურ Telegram-არხებში გაჟონილი ინფორმაციით ვიმსჯელებთ) მიდის აფხაზეთის ყოფა-ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მომცველ საკითხებზე, როგორიცაა: 1. ენერგოსისტემის პრივატიზება (ცხადია, რუსი ინვესტორების მიერ); 2. უძრავი ქონებისა და მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის დაშვება – მოქმედი აფხაზური კანონმდებლობა ამას კრძალავს და აფხაზები ამ აკრძალვას “მთელი აფხაზეთის რუსი ოლიგარქების მიერ შესყიდვის” შიშით წლების განმავლობაში “კბილებით” იცავდნენ (თუმცა რამდენიმე დღის წინ უკვე თავად სოხუმში გაიჟღერა ინიციატივამ, რომელიც ყველამ კრემლის წინაშე დათმობაზე წასვლად აღიქვა: იდეამ ე.წ. წინმსწრები განვითარების ზონების შექმნის თაობაზე – ტერიტორიებისა შეღავათიანი საგადასახადო პირობებით, გამარტივებული ადინისტრაციული პროცედურებითა და სხვა პრივილეგიებით, სადაც არსობრივად, რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვა მოქმედი ამკრძალავი აფხაზური კანონმდებლობის გვერდის ავლით გახდება შესაძლებელი); 3. აფხაზეთში გრანტებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების დევნის რუსული პრაქტიკის დანერგვა (NGO და მედია აფხაზეთში ბევრად უფრო ღიაა დასავლურ ფონდებთან თანამშრომლობისთვის, ვიდრე რუსეთში, ახლა კი მოსკოვს აღარ სურს, იხილოს “მტრის ჯაშუშები” და ‘კონკურენტები”, რომლებიც მისი ნებართვის გარეშე აფხაზეთში რაიმე ჰუმანიტარულ პროექტებს განახორციელებენ). გარდა ამისა, მოსკოვიდან გამოზავნილ 46-პუნქტიან დოკუმენტში საუბარია მოქალაქეობაზე, “სახელმწიფო” საზღვარზე, საბაჟო რეგულირებაზე და აფხაზური მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არაერთ სხვა საკითხზე.

მრავალრიცხოვანი თხოვნების მიუხედავად, დეტალურად რუსეთის “წინადადებების” არსი აფხაზეთის მოსახლეობისთვის ამ დრომდე არავის განუმარტავს. თუმცა ყველასთვის ისედაც ნათელია, რომ ამ “ჰარმონიზაციის” შემდეგ რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის “ინტეგრაცია” გაღრმავდება, დაჩქარდება და გეგმა “ბ”-ს გარკვეულ ეტაპზე საბოლოო ანექსიაზე, კონფედერაციაზე ან მოსკოვის რაიმე სხვა მსგავს ჩანაფიქრზე თანხმობა შესაძლოა, უბრალო და ნაკლებად შესამჩნევ ფორმალობად იქცეს. და გინდაც აფხაზურმა საზოგადოებამ აქტიურად დააფიქსიროს ნეგატიური რეაქცია, ის შეიძლება, ძალით აქციონ “პოზიტიურად” – ამისათვის ხომ მოსკოვს ადგილზე საკმარისზე მეტი რესურსი გააჩნია.

«აფხაზეთი ძალზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. სტრატეგიულმა პარტნიორმა მიერთებაზე გადასვლა გადაწყვიტა. ჩვენ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას გავწევთ, მაგრამ გამოგვივა კი? - ყოველ რაიონში ხომ რუსული ბაზები დგას თანამედროვე შეიარაღებისა და სამხედროების დიდი რაიოდენობით. ეს ძალები ძირშივე აღკვეთენ ნებისმიერ ჩვენს მცდელობას, მოხდება კონფლიქტი, რომელსაც რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობას “ტერორისტებთან ბრძოლად” ან რაიმე მსგავსად მიასაღებს, ხოლო შემდგომ მიერთებას – ჩვენსავე “უმორჩილეს თხოვნად» - თვლის ჩვენი სოხუმელი თანამოსაუბრე.

“შავი დღისთვის” აფხაზი ძალოვანების იმედი მოსახლეობას ვერ ექნება: რამდენიმე დღის წინ, კერძოდ 23 ოქტომბერს მოსკოვში, სტატიის დასაწყისში ხსენებული 2014 წლის ჩარჩო-ხელშეკრულების საფუძველზე აფხაზეთის დე ფაქტო შსს-სა და რუსეთის შსს-ს შორის გაფორმდა “შეთანხმება" “აფხაზეთის შს ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, ასევე ორგანოების მუშაკთა ფულადი და სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის ეტაპობრივი გაუმჯობესების ხარჯების თანადაფინანსების თაობაზე”.

შექმნილ ვითარებაში (თუ სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში გახშირებული ალარმისტული კომენტარებით ვიმსჯელებეთ) აფხაზეთში ყველამ გააცნობიერა, რომ სასწრაფოდ უნდა მოიმოქმედონ რამე, მაგრამ აი რა – ჯერ ცოტას თუ ესმის: განსაკუთრებული იმედი ხომ არც დე ფაქტო ხელისუფლების აქვთ, არც ოპოზიციის.

დე ფაქტო ხელისუფლება უძლებდა, როგორც შეეძლო, მაგრამ მოსკოვის მიერ ვითარების “გასაგებად ახსნის” შემდეგ ორ ცეცხლს – კრემლსა და საკუთარ მოსახლეობას შუა აღმოჩნდა. ოპოზიცია კი (უპირველესად – წინა დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერი ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაა”, ასევე მისი არაწევრი ყოფილი “ჩინოსნები” და სხვა რევანშისტები), რომელიც თითქოსდა “სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად ყველა ჯანსაღი ძალის კონსოლიდაციას” ემხრობა, რეალურად, მხოლოდ დემორალიზებას ახდენს როგორც დე ფაქტო ხელისუფლების (აკრიტიკებს რა მის ნებისმიერ მცდელობას, მოახლოებული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ალტერნატიული გზები იპოვოს), ისე საზოგადოების (ერთის მხრივ, იმის საჯაროდ აღიარებით, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის “თანასწორი ურთიერთქმედება არ არის”, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთის კვლავინდებურად “ერთადერთ ხსნად” წარმოჩენითა და ამავდროულად “კოლექტიური დასავლეთის შემოტევის”, ვულგარული ლიბერალიზმის თესვისა” და “აღიარების გარეშე ჩართულობის” საშიში ქართული პოლიტიკის” ყბადაღებული ნარატივებით დაშინებით. ამ უკანასკნელის მიზანი ცხადია და ნათელი და ერთი-ერთში ემთხვევა კრემლისას – გაამძაფროს სოხუმის ფრთხილი მიდგომა თბილისთან დიალოგისა და თანამშრომლობის მიმართ, რომელზეც ბოლო დროს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ).

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორ პაატა გაფრინდაშვილის აზრით, შექმნილ ვითარებაში უმოქმედობა უკვე დაუშვებელია და დროა, დე ფაქტო ხელისუფლებამ თბილისთან თანამშრომლობის კუთხით თავისი მიდგომისა და ხედვის პრაქტიკული რეალიზება დაიწყოს: «მხედველობაში მაქვს თანამშრომლობის ჩალიყალიბება სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, მუნიციპალური განვითარების, განათლების სფეროებში. ყველასთვის ხომ ცხადია და ნათელი, რომ მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი აფხაზეთში სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება; ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება და, შესაბამისად, სამუშაო ადგილების შექმნა; ადგილებზე პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება, რაშიც აფხაზეთი ამჟამად სერიოზულ დეფიციტს განიცდის. ყველასთვის ხომ ნათელია, რომ სამუშაო ადგილების შექმნა შესაძლებელია არა იმ ინვესტიციებით, რომლებსაც მოსკოვის მიერ «ნაყიდი» ვენესუელა და ნაურუ აფხაზეთში არ ჩადებენ, არამედ მხოლოდ ენგურზე მოქალაქეების, ტვირთებისა და ბიზნესის თავისუფალი გადაადგილებით».

როგორც გაფრინდაშვილი აღნიშნავს, «ასლან ბჟანიამ, როგორც ადამიანმა, რომელიც ვაჟკაცობისა და გამბედაობის დეფიციტს არ უჩივის, ახლა უკვე გაცილებით მეტი პოლიტიკური ვაჟკაცობა და გამბედაობა უნდა გამოიჩინოს, შეძლოს საკუთარი პოზიციების დაცვა და მოსკოვისგან ღია ან თუნდაც ნაგულისხმევი თანხმობის მოპოვება სოხუმისა და თბილისის მსგავს თანამშრომლობაზე, მით უფრო, რომ თავის დროზე ამისკენ მოწოდებები, თუნდაც რიტორიკული, არაერთგზის გაუჟღერებია თავად მოსკოვს».

ამასთან, მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, აფხაზმა პოლიტიკურმა ლიდერებმა არ მისცენ სხვადასხვა კორუმპირებულ და რევანშისტულ ძალებს შესაძლებლობა, ინიციატივა თავის ხელში აიღონ და მოახერხონ დღის წესრიგის კარნახი, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, უკვე სახეზეა. «იმედი მინდა, ვიქონიო, რომ ვითარების შეცვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციები სერიოზულად შესუსტდება, რაც ნამდვილად არ უნდა შედიოდეს არც მის, არც აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესებში» - ამბობს გაფრინდაშვილი.

რაც შეეხება თბილისს, მისი აზრით, აუცილებელია არა მარტო მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მყისიერი საფრთხის გაცნობიერება, არამედ გაცილებით უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა როგორც სოხუმთან, ისე საქართველოს ევროპელ, ამერიკელ, აზიელ პარტნიორებთან ურთიერთობაში რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიის თავიდან ასაცილებლად. «ეს ყველაფერი თბილისისგან გაცილებით მეტ შრომას მოითხოვს, ვიდრე აქამდე ვხედავდით. ახლა, როცა მსოფლიოში არსებულ პრობლემებს პანდემიაც დაემატა, ბევრად მეტი ძალისხმევაა საჭირო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხმის მისაწვდენად. თუმცა არც ეს იქნება საკმარისი: საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მყარად უნდა დაიმკვიდროს ადგილი იმის აუცილებლობამ, რომ მოსკოვმა შეასუსტოს თავისი ამკრძალავი მიდგომა გაძლიერებული ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მიმართ და დაუშვას თავისუფალი გადაადგილება ენგურზე, რაც ასე ძალიან სურს რიგითი ადამიანების უმრავლესობას გამყოფი ხაზის ორივე მხარეს» - ასკვნის გაფრინდაშვილი.

ეკატერინე ცანავა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S