იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს
30/10/2020 14:23:04 პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს. მოსამართლეთა კონფერენციაზე კენჭისყრის პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ნიკოლოზ მარსაგიშვილი საქალაქო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარეა. კანონმდებლობის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობასთან სასამართლოს თავმჯდომარეობა შეუთავსებელია, ამიტომ მას აღნიშნული თანამდებობის დატოვება მოუწევს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მდივნის ვაკანტური ადგილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გიორგი მიქაუტაძემ თანამდებობა დატოვა. ის უზენაესი სასამართლოს პლენუმმა სამოქალაქო საქმეთა პალატის თავჯდომარედ აირჩია. აღნიშნული თანამდებობა კი საბჭოს მდივნის თანამდებობასთან აღმოჩნდა შეუთავსებელი.
იხილეთ ასევე: "აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია სასამართლო ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილებით"
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც საბჭოს შიგნით მიმდინარე პროცესების მიმართ ხმამაღალი განცხადებებითა და საჯარო კრიტიკით გამოირჩევა, ამბობს, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ დღევანდელი გადაწყვეტილებით თავი გადაიზღვია, რათა არჩევნების შემდეგ არასასურველი შედეგის შემთხვევაში ე.წ მურისიძე-ჩინჩალაძის კლანს სასამართლოზე გავლენა არ დაეკარგა.
საქმე იმაშია, რომ საბჭოს ამჟამინდელ მდივანს გიორგი მიქაუტაძეს უფლებამოსილების ვადა 2021 წლის აპრილში გასდიოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი მდივნის არჩევა შესაძლოა, სხვა პოლიტიკური ვითარების პირობებში მომხდარიყო.
"მათ არ იციან რა შედეგებით დამთავრდება საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად აპრილში ახალი მდივნის არჩევას შესაძლოა ხმაური გამოეწვია. დღეს მათ დაიზღვიეს თავი და 4 წლით გარანტირებულად ეყოლებათ მარსაგიშვილი, რათა სასამართლოში არანაირი ძირეული რეფორმები არ გატარდეს", - ამბობს ჯანეზაშვილი.
მისივე თქმით, "მარსაგიშვილი ჩინჩალაძის კადრია.
"ჯერ კიდევ 13 წლის წინ ისინი ერთად მუშაობდნენ მცხეთა-მთიანეთის პროკურატურაში და თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ. ამიტომ გაკეთდა მასზე არჩევანი".
ჯანეზაშვილი ამბობს, რომ დღეს უზენაესი საბჭოს წევრად არჩეული 2 ახალი წევრიდან ერთ-ერთიც პირდაპირ კლანს უკავშირდება. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძე იუსტიციის საბჭოში სწორედ ჩინჩალაძეს აწყობდა.
"არავის არ გასდიოდა უფლებამოსილების ვადა დღეს, მაგრამ დატოვა თანამდებობა ორმა ადამიანმა, მათ შორის, მდივანმა და წავიდნენ, ვინაიდან ჩინჩალაძეს ახლა სხვა ადამიანები აწყობს საბჭოში. სხვა ადამიანებიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა ქეთევან ცინცაძე, რომელიც 2054 წლამდე არის დანიშნული მოსამართლედ უზენაეს სასამართლოში და უკანონოდ არის არჩეული, რადგან სერიოზული დარღვევები იყო მისი უზენაეს სასამართლოში განმწესების დროს", - ამბობს ჯანეზაშვილი.
ჯანეზაშვილის შეფასებით, მოსამართლეთა კონფერენციის დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა იმ სახიფათო პრობლემებისა, რომელიც სასამართლოში უკვე წლებია არსებობს.
"პრობლემა კვლავ იგივეა, ჩინჩალაძის ხალხით დაკომპლექტდა დღეს უზენაესი საბჭო. დანარჩენები ხომ ისედაც მურუსიძე-ჩინჩალაძის ხალხია. ეს არის კლანი, რომელმაც მიიღო ძალიან, ძალიან ბევრი სახიფათო გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიასა და განვითარებისთვის. ისინი ჩვენ მომავალს გვისპობენ", - ამბობს ჯანეზაშვილი.


