Accentnews.ge
საპარლამენტო არჩევნები-2020: მთავარი - მოკლედ

საპარლამენტო არჩევნები-2020: მთავარი - მოკლედ

30/10/2020 16:16:07 პოლიტიკა

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი მიიღებს მონაწილეობას.

ბოლო მონაცემებით, ცსკ-ის სიაში 3 526 022 ამომრჩეველი ფიგურირებს. ქვეყანაში გაიხსნება 3657 საარჩვნო უბანი.

არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება: 120 დეპუტატი პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა, 30 – მაჟორიტარულით. მანამდე 77 დეპუტატი პარტიული სიით იყრიდა კენჭს, 73 — მაჟორიტარული ოლქებიდან.

პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ 1%-იანი საარჩევნო ბარიერი უნდა გადალახოს, ბლოკმა კი ხმათა იმდენი პროცენტი მიიღოს, რამდენი პარტიაც შედის მასში. სოციოლოგიური კვლევების შედეგების თანახმად, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შანსი დაახლოებით 10 პოლიტიკურ ძალას აქვს.

მთავარი საარჩევნო ინტრიგა იმაში მდგომარეობს, დარჩება თუ არა ამჟამინდელი მმართველი პარტია – “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ზედიზედ მესამე ვადით. დამკვირვებლები არ გამორიცხავენ, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლოს და საჭირო გახდეს კოალიციის ფორმირება.

პარტიების მიერ დასახელებულ პრემიერობის კანდიდატებს შორის არიან მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი გახარია, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციის წარმომადგენლები მამუკა ხაზარაძე, შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე და სხვები.

არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მიღებული იქნება პროფილაქტიკური ზომები კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად. მაგალითად, ხმის მისაცემად არ დაიშვებიან მოქალაქეები ინდივიდუალური დაცვის ნიღბების გარეშე.

ხმის მიცემას შეძლებენ კოვიდ-ინფიცირებული მოქალაქეები, ასევე კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირები. მათთვის 127 სპეცუბანი იმოქმედებს. შესაბამისი რეგისტრაცია 10 845-მა მოქალაქემ გაიარა.

საქართველოს 14 170 მოქალაქე კი ხმის მიცემას უცხოეთში შეძლებს – 38 სახელმწიფოში 52 საარჩევნო უბანი იმოქმედებს (მათგან ორი – ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროებითვის).

საპარლამენტო არჩევნების გარდა, 31 ოქტომბერს საქართველოში აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები, ასევე თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ომის საკრებულოების შუალედური და კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S