"ვიმედოვნებთ, ხმის მიცემის პროცესი იქნება თავისუფალი, არ იქნება დაშინება, ძალადობა, ეს ყველა პარტიის პასუხისმგებლობაა"
31/10/2020 06:20:08 პოლიტიკა
ვიმედოვნებთ, ვნახავთ შესაძლებლობას, რომ შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანი მისცემს ხმას ნებისმიერი რისკის გარეშე, რაც დაკავშირებულია კოვიდსიტუაციასთან და ყველაფერი უსაფრთხოდ ჩაივლის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც არჩევნების მიმდინარეობას გაეცნო.
„2020 არჩევნების დღე დიდი დღეა. ბევრი ადამიანის მსგავსად, დღეს დიდი სამუშაო დღე მექნება. ყველა დემოკრატიისთვის განსაკუთრებული მომენტია, როდესაც ამომრჩეველი ხმას აძლევს იმას, ვინც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა მართოს ეს ქვეყანა. საარჩევნო უბანზე არსებული ვითარება საზეიმო განწყობას მიქმნის, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვიმედოვნებთ, არჩევნები ისევე კარგად ჩაივლის, როგორიც დღეს ამინდია. არის სასიამოვნო ამინდი და არც ისე სიცხეა და არც სიცივე. სხვა უბნებსაც ვესტუმრები და ასევე, შევხვდები ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. შეხვედრა იქნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან და სხვებთან. ვიმედოვნებთ, ვნახავთ შესაძლებლობას, რომ შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანი მისცემს ხმას ნებისმიერი რისკის გარეშე, რაც დაკავშირებულია კოვიდსიტუაციასთან და ყველაფერი უსაფრთხოდ ჩაივლის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე ინფორმაციის შესაგროვებლად მივიდა.
„ჩვენ გვყავს ევროკავშირის 70 დიპლომატიური სადამკვირვებლო ჯგუფი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც უფრო ყოვლისმომცველ ინფორმაციას შეაგროვებენ. ჩვენ ამას ვაკეთებთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისიის დასახმარებლად, რათა გვქონდეს სრული შეფასება. ODIHR-ის მისია შეფასებას ხვალ გააკეთებს. შთამბეჭდავია, რომ ამდენი ხალხი უკვე გამოსულია ხმის მისაცემად. ვიმედოვნებთ, ხმის მიცემის პროცესი იქნება თავისუფალი და არ იქნება დაშინება, ძალადობა. ესაა ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის: 31 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.
მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შეძლოს.
“ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება, რომლებიც პროპორციულად იმ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.
ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.
ამასთან, პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუკი პარლამენტი შემდგომი ორი კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა), ნდობას პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.
გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს სულ მცირე 76 მანდატს იმისთვის, რომ ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და ერთპარტიული მთავრობა დააკომპლექტოს, დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება.


