აქსელ ფიშერი: "ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ შაბათის საღამოს მქონდეს მათთვის დემოკრატიული არჩევნების წარმატებულად ჩატარების მილოცვის შესაძლებლობა"
31/10/2020 08:48:10 პოლიტიკა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელმაც ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია კიდევ უფრო უნდა გაამყაროს. გასული წლების განმავლობაში წარმატებით გატარებულმა საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმებმა ამისთვის მყარი საფუძველი შექმნა, - ამის შესახებ განცხადებაა ბუნდესტაგის დეპუტატმა აქსელ ფიშერმა Facebook-ის საშუალებით გააკეთა.
ის იმედოვნებს, რომ შაბათს საღამოს ხალხისთვის დემოკრატიული არჩევნების წარმატებულად ჩატარების მილოცვის შესაძლებლობა ექნება.
„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელმაც ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია კიდევ უფრო უნდა გაამყაროს. გასული წლების განმავლობაში წარმატებით გატარებულმა საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმებმა ამისთვის მყარი საფუძველი შექმნა. ხსენებული დემოკრატიული რეფორმების გატარება ხდებოდა იმ წინსვლის პარალელურად, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ ევროპასა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით განიცადა. მე მყარად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ ცალსახად დაადასტურებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნებას - მისწრაფებას, რომელიც ბოლო საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად საქართველომ თავისთვის ამოცანის სახით ჩამოაყალიბა. არჩევნები წარმოადგენს სრულიად განსაკუთრებულ დემოკრატიულ ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები წყვეტენ, თუ რომელი პოლიტიკური პროგრამები უნდა იქნას გატარებული და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყანა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხმის მიცემა საფუძვლიანი გააზრების შედეგად მოხდეს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ შაბათის საღამოს მქონდეს მათთვის დემოკრატიული არჩევნების წარმატებულად ჩატარების მილოცვის შესაძლებლობა“, - განაცხადა ფიშერმა.
ცნობისთვის: 31 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.
მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შეძლოს.
“ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება, რომლებიც პროპორციულად იმ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.
ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.
ამასთან, პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუკი პარლამენტი შემდგომი ორი კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა), ნდობას პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.
გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს სულ მცირე 76 მანდატს იმისთვის, რომ ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და ერთპარტიული მთავრობა დააკომპლექტოს, დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება.


