„50 ლარს აძლევენ“ – კონვერტები და სხვა დარღვევები საარჩევნო უბნებთან [ვიდეო–ფოტო]

31-10-2020 14:02:19 პოლიტიკა

დამკვირვებლებმა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე უბანზე ამომრჩევლებისთვის კონვერტების გადაცემის ფაქტი დააფიქსირეს, რომლებშიც სავარაუდოდ, ფულია. ასევე ფიქსირდება სიებით აღჭურვილი უცხო პირების და სავარაუდოდ, კოორდინატორების აქტიურობა უბნებთან.

სავარაუდოდ, ამომრჩეველთა სიები

ერთ–ერთი მსგავსი ფაქტი გორის პირველ საარჩევნო უბანში ფოტოკამერაზე აღბეჭდეს

გორი

რამდენიმე მსგავსი ფაქტი დააფიქსირეს ზუგდიდში, საარჩევნო უბნებთან.

ზუგდიდი

„ფულს არიგებენ უბნის გარეთ და იგივე ხდება 22 უბანზეც. დაახლოებით 50 ლარს აძლევენ , რამოდენიმე ადამიანი დგას.ასევე ბევრ უბანთან დგანან სიით და ინიშნავენ ვინ შევიდა და აწარმოებენ აღრიცხვებს, ქართული ოცნების წარმომდგენლები“,– აცხადებს ფოტოს ავტორი.

ვიდეო – ზუგდიდი

„ფულს არიგებენ უბნის გარეთ და იგივე ხდება 22 უბანზეც [ზუგდიდში]. დაახლოებით, 50 ლარს აძლევენ. რამოდენიმე ადამიანი დგას. ასევე ბევრ უბანთან დგანან სიით და ინიშნავენ, ვინ შევიდა და აწარმოებენ აღრიცხვებს "ქართული ოცნების" წარმომდგენლები“ – აცხადებს ვიდეოს ავტორი.

გორის ერთ–ერთ საარჩევნო უბანთან კი სუფრაა გაშლილი:

სამკვირვებლები ზუგდიდის სოფელ ინგირიდან იუწყებიან, რომ 46-ე უბანზე ბიულეტენები უმეთვალყურეოდ არის ყველასთვის ხელმისაწვდომია.

საბურთალოს 87-ე უბნიდან კი კოვიდ–რეგულაციების დაუცველობის შესახებ იუწყებიან.

აჭარაში, ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მიკროავტობუსში სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები არიან მობილიზებული. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ დგას საარჩევნო უბანთან მობილიზებული სიებით, ერთ-ერთი პასუხობს, " რა თქვენი საქმეა მე ვინა ვარ? მაქვს უფლება ჩემი ამომრჩეველი მოვა თუ არა, ეგ შევამოწმო", "მერე ჰქონდეს სია. თავის ხალხს თუ აღნიშნავს, აღნიშნოს, შენ რა ხელი გეშლება?“.

ერთ-ერთი დამკვირვებლის ცნობით, მიკროავტობუსში მობილიზებული სავარაუდო კოორდინატორები მოხუცებულ ამომრჩეველს „ოცნებისთვის“ ხმის მიცემას აიძულებდნენ.

აჭარა, ხელვაჩაური

ცნობისთვის: 31 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.

მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შეძლოს.

“ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება, რომლებიც პროპორციულად იმ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.

ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

ამასთან, პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუკი პარლამენტი შემდგომი ორი კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა), ნდობას პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს სულ მცირე 76 მანდატს იმისთვის, რომ ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და ერთპარტიული მთავრობა დააკომპლექტოს, დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები