იარაღი საარჩევნო უბანთან: „სამჯერ დაუმიზნა და ჩვენ ვეფარებოდით“

31-10-2020 17:27:34 პოლიტიკა ,სამართალი

თბილისში, გლდანის ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე იარაღის გამოყენების ფაქტზე საუბრობენ. კერძოდ, როგორც ერთ–ერთი დამკვირვეელი ჰქვება, უცნობმა პირმა ოპოზიციურად განწყობილ დამკვირვებელს მასთან საუბარი მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი იარაღი ამოიღო და დაუმიზნა.

დამკვირვებელი ყვება, რომ იარაღის დამიზნებას სამჯერ ჰქონდა ადგილი.

„იარაღი ამოიღო, ჯერ ერთხელ დაუმიზნა და გადავეფარეთ, მეორედ, მესამედ, თან ეს [დამკვირვებელი] მიდოდა, ის მისდევდა და ჩვენ ვეფარებოდით. შემდეგ ვნახე, რომ პოლიციელებმა დააკავეს ის [დამკვირვებელი], ვისაც ესროდნენ – არ ვიცი, გაარიდეს, თუ დააკავეს. ვინც უმიზნებდა იარაღს, მითხრეს, დააკავესო. შუა ქალაქში იარაღიანი ადამიანი დადის, ეს ყველა ზღვარს სცილდება. პოლიტიკა პოლიტიკად, მაგრამ ვერ წარმომედგინა, მსგავს რამეს თუ ამ ქვეყანაში ვნახავდი“,– ყვება თვითმხილველი.

მოგვიანებით გლდანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პირი, რომელმაც იარაღი „საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა“, დედაქალაქის მერის კახა კალაძის ახლო მეგონბარი კვიჟინაძეა [რედ. არსებული ინფორმაციით, მისი მეტსახელი „ცაცია თბილისკია“], ხოლო დამკვირვებელი, რომელიც დააკავეს, მელიას შტაბის წევრი ეძგვერაძე.

იარაღიდან სროლის ფაქტს შსს–ში არ ადასტურებენ, რაც შეეხება მის საარჩევნო უბანზე გამოყენებას, პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ბუნდოვანი პასუხი გასცა: „თუ დაფიქსირდება, რეაგირებას მოვახდენთ“.

თავის მხრივ "ქართულ ოცნებაში" დაკავებულ ეძგვერაძეს კრიმინალური ავტორიტეტი უწოდეს.

ცნობისთვის: გლდანში ვითარება დილიდან დაძაბულია, დაფიქსირდა საარჩევნო უბნებთან უცნობი პირების აქტიურობა, ძალადობის და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. პოლიციელები ჟურნალისტებს, რომლებიც რეაგირებას მოითხოვდნენ, პრესცენტრთან ამისამართებდნენ.

ამ დროისთვის ხუთი პირია დაკავებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები