კობახიძე: „პარლამენტში „ქართული ოცნების“ მანდატების რაოდენობა 92-მდე გაიზრდება“
01/11/2020 09:19:09 პოლიტიკა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის გათვლებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 92 მანდატი ექნება.
კობახიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი 3000-ზე მეტი უბნის მონაცემების მიხედვით აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ პროპორციული წესით პარტიას უკვე 62 მანდატი აქვს, მაჟორიტარული წესით – 14, რაც მთლიანობაში 76 მანდატსქმნის, რას უმრავლესობის შესაქმნელად და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისია:
„ანუ 76 მანდატი ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე პირველივე ტურში მოიპოვა დამაჯერებელი უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. დარჩენილია 16 გაუნაწილებელი მანდატი და ეს 16-ვე მანდატი, ამ შედეგების მიხედვით, სწორედ „ქართულ ოცნებას“ მიეკუთვნება", - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.
მისი პროგნოზით, მეორე ტურში „ქართული ოცნება“ 16-ვე საარჩევნო ოლქში მიაღწევს გამარჯვებას დამაჯერებელ:
„შესაბამისად, ჩვენი დასაბუთებული მოლოდინი არის, რომ საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ მანდატების რაოდენობა პარლამენტში 92–მდე გაიზრდება. ეს არის პრაქტიკულად გარანტირებული იმ მონაცემებით, რომლებიც თქვენს წინაშეა წარმოდგენილი“, - განაცხადა არჩევნების პირველად შედეგებზე დაყრდნობით ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის: ამ დროისათვის „ქართული ოცნება“ პროპორციული წესით 48,27 %-ით ლიდერობს. საარჩევნო ბარიერი 9 პარტიამ გადალახა, თუმცა ოპოზიცია წინასწარ შედეგებს არ სცნობს, მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობს და დღეს, 1 ნოემბერს, 16:00 საათზე აქციას აანონსებს.


