გოგიჩაიშვილი: „განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს“
01/11/2020 10:11:08 პოლიტიკა
„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ერთ–ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ არჩევნებს „სამარცხვინოდ“ აფასებს და ამბობს, რომ განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, როგორც მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ამბობს, „სამაცხვინო იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მმართველი გუნდისადმი მორჩილება“.
„ასე ჩატარებული არჩევნები ვნებს პროცესს. ეს არ იქნება სრულფასოვანი პარლამენტი: კითხვები მუდმივად იქნება და ყოველთვის დადგება მისი ლეგიტმურობის საკითხი. არჩევნები ხელმეორედ უნდა ჩატარდეს! გუშინდელი არჩევნები ჩავარდა და ეს ძალიან მძიმე იყო“,– განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისი დაკვირვებით, მმართველმა გუნდმა საარჩევნოდ სოლიდური თახა – ათეულ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა და როგორც გგიჩაიშვილი აღნიშნავს, ეს ხალხის კუთვნილი, თუმცა „შავ სალაროში“ თავმოყრილი ფულია. რაც შეეხება პროტესტის გზებს, გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარების მიღწევის სხვადასხვა გზა არსებობს, თავად საკუთარ მეთოდებს გამოიყენებს და ოპოზიციის ნაწილის მიერ რუსთაველზე დღეს, 1 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე მისვლას არ აპირებს. ცნობისთვის: განმეორებითი არჩევნები, განსხვავებით 31 ოქტომბრის არჩევნებისგან, სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. 31 ოქტომბრის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, რაც 120 მანდატის პროპორციული საარჩევნო სისტემით, ხოლო 30–ის მაჟორიტარული წესით განაწილებას გულისხმობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მმართველ გუნდს მხარდაჭერა ამომრჩევლის 48,27%–მა გამოუცხადა, დაახლოებით, 19 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურებია მოსალოდნელი, ხოლო საარჩევნო ბარიერი 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა.
ოპოზიცია შედეგებს არ სცნობს, მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობს და სამოქმედო გეგმას ამზადებს. არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას დააყენებს.


