ოპოზიცია კვლავ ქუჩაში გავიდა
01/11/2020 12:51:47 პოლიტიკა
ოპოზიციური ლიდერები და მათი მხარდამჭერები რუსთაველის გზამზირზე იკრიბებიან. პარლამენტის შენობის წინ გზის სავალი ნაწილი მოქალაქეთა სიმრავლის გამო გადაიკეტა. როგორც ცნობილია, ოპოზიცია არჩევნების წინასწარ შედეგებს არ ცნობს. ამასთან, როგორც დაანონსდა აქცია ასევე გაიმართება მომავალი კვირის ბოლოს, მანამდე კი მოქალაქეები ერთობლივი სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად მიიღებენ.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ პოლიტიკოსების ნაწილი უკვე ჩამოყალიბდა პოზიციაზე, უარი თქვან სადეპუტატო მანდატებზე, შესაბამისად, ბოიკოტი გამოუცხადონ მეათე მოწვევის პარლამენტს, ნაწილმა კი შიდაპარტიული კონსულტაციებისთვის მინიმალური დრო ითხოვა. თუმცა, ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, რომ არჩევნები უხეში დარღვევებით ჩატარდა.
უნდა აღინიშოს ისიც, რომ ამჟამად რუსთაველზე პოლიტიკური ოპოზიციის ის ნაწილია წარმოდგენილი, რომლებიც მმართველი გუნდის მიერ გასულ წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის შემდეგ „ლეიბორისტების" ოფისში აქტიურად მართავდნენ მოლაპარაკებებს.
რუსთაველზე არ იმყოფებიან "პატრიოტთა ალიანსის" წევრები, მაგრამ მათმა ერთ–ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა არჩევნები გაყალბებულად შეაფასა და აქციები დააანონსა.
ცნობისთვის: ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრებას ბოიკოტს ბოლო ორი წლის განმავლობაში მეორედ უცხადებს და საპროტესტოდ ქუჩაში გადის. გასული წლის გადაწყვეტილების საფუძველი „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემის დაპირების გაუქმება გახდა. თავად აღნიშნული დაპირება 20–21 ივნისის მოვლებეს უძღოდა წინ, რომელიც „გავრილობის ღამითაა“ ცნობილი. პოლიტიკური კრიზისის შემდეგ მოლაპარაკებების პროცესში დიპლომატების ჩართვა გახდა საჭირო და საბოლოოდ, 31 ოქტომბრის არჩევნები კვლავ შერეული, თუმცა, მეტად პროპორციული სისტემით ჩატარდა. კერძოდ, 120 მანდატები პროპორციული სისტემით, 30 კი მაჟორიტარულით გადანაწილდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცენებით, „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 48%–ით ლიდერობს, ხოლო 19 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურებია მოსალოდნელი.


