მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური მოიხსნა: "ნახვამდის, სამაჯურო!"
01/11/2020 13:47:22 პოლიტიკა
ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა, რომელიც პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მაჯაზე გასული წლის 3 ივლისს დაუმაგრეს. ამ სამაჯურით პოლიტიკოსზე ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდებოდა.აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო.
ძალოვანი უწყებები ნიკა მელიას ჯგუფურ ძალადობას გასული წლიდან ედავებიან. პარლამენტმა მას უფლებამოსილება შეუჩერა, სასამართლომ კი გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.
მელიამ მაჯიდან მოხსნილი ელექტრონული სამაჯური რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის მასაში ისროლა.
"აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო! ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ! ზუსტად ვიცი, ციხეში ვიჯდები თუ ვიქნები თქვენს გვერდით უახლოეს ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს! ნახვამდის, სამაჯურო! ვინც დაიჭერს, ჩემი ბედი არ გეწიოთ", - თქვა მელიამ.
ამასთან, მელიას თქმით, ოპოზიცია არ ცნობს ცესკო-ს შედეგებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს:
"დედაჩემისგან, რომელიც მებრძოდა, რომ პოლიტიკაში არ ვყოფილიყავი, მივიღე „მესიჯი“ – „ბრძოლა ბოლომდე!“ ამით ყველაფერი ნათქვამია. შეუძლებელია, ამაყი, პატრიოტი ხალხი ერთ, ორ, სამ კონკრეტულ დღეს დაჩაგრო. აქ უკან დახევა ღალატია და ამ ღალატს არ ჩავიდენთ. უამრავი თაობა მდგარა და ყველას გაუმარჯვია, ჩვენც გავიმარჯვებთ, სხვაგვარი შედეგი ისტორიის მიერ აკრძალულია! ძალიან მშვიდი და ძლიერი ვარ. სანამ არ გავიმარჯვებთ, ჩემს შვილს თვალებში ვერ ჩავხედავ. მირჩევნია, ჩემი სიცოცხლე შეწყდეს, ვიდრე დამცირებული ქართველი ხალხი ვიხილო. პირველი მტერი ვიქნები იმის, ვინც ერთობას დაარღვევს!", - განაცხადა მელიამ აქციაზე.
ცნობისთვის: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს აპროტესტებს.


