
საქართველომ და კიდევ 6 ქვეყნის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს სესია დატოვა
26/06/2019 19:53:15 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მას შემდეგ დატოვა, რაც რუსეთს სრულად აღუდგინეს უფლებამოსილება. სესია პირველმა დატოვა უკრაინის დელეგაციამ და მასთან ერთად საქართველოს, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და სლოვაკეთის დელეგაციებმა.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ არიევმა 7 ქვეყნის სახელით განაცხადა, რომ ისინი ბრუნდებიან სახლში, რათ კონსულტაციები გამართონ პარლამენტთან და მთავრობასთან, ასამბლეის შემდეგ სესიებზე „ერთობლივი მოქმედებების შემუშავებისთვის“.
“რუსეთის დელეგაციის უფლებების უპირობო აღდგენა ასამბლეის არაერთი მოთხოვნის შესრულების გარეშე, არასწორ სიგნალს უგზავნის იმ ქვეყანას, რომელმაც მიმართა შეიარაღებულ აგრესიას, მოწამლვას, არ იცავს თავის მოქალაქეების უფლებებს და ევროპაში დემოკრატიის დესტაბილიზაციას ცდილობს", – ნათქვამია 7 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.
ცნობისთვის: რუსეთის ფედერაციას PACE-ში ხმის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით შეუჩერდა. ვინაიდან მოსკოვმა არ შეასრულა ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების არც ერთი მოთხოვნა, რუსეთის მიმართ სანქციები რამდენჯერმე გახანგრძლივდა. პროტესტის ნიშნად 2016 წლიდან რუსული დელეგაცია PACE–სესიენში აღარ მონაწილეობს. მოქმედი რეგლამენტის თანახმად, ეროვნული დელეგაციები წარმოდგენილები უნდა იყვნენ მხოლოდ წლის დასაწყისში, იანვარში, და ვინაიდან 2019 წლის იანვარში რუსეთის ხელისუფლებამ სესიებში მონაწილეობის განაცხადი არ წარადგინა, ფორმალურად PACE-ში რუსეთის დელეგაცია აღარ არსებობდა.
რეზოლუციის ტექსტში, რომლის ავტორი PACE-ს რეგლამენტის კომიტეტს ხელმძღვანელი – ბელგიელი დეპუტატი სოციალისტების ჯგუფიდან პეტრა დე სუტერი გახლავთ, გაწერილია წინადადება, დელეგაციებს, რომლებიც ამჟამად PACE-ში წარმოდგენილები არ არიან, კერძოდ, რუსეთის, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის დეპუტატებს მიეცეთ შესაძლებლობა, ივნისის სესიაში მონაწილეობაზე განაცხადები წარადგინონ.
გარდა ამისა, რეგლამენტს ემატება პუნქტი, რომელიც მიხედვით, ეროვნული დელეგაციებს მათი უფლებამოსილებების გასაჩივრების შემთხვევაში ხმის უფლებას ვეღარ ჩამოერთმევათ, ასამბლეასა და მის ორგანოებში წარმომადგენლობის ყოლა და სიტყვით გამოსვლები ვეღარ აეკრძალებათ.
სანაცვლოდ რეზოლუციის ავტორები სთავაზობენ ასამბლეას შესაძლებლობას, სანქციები ეროვნული დელეგაციების კონკრეტულ პირთა მიმართ იყოს შემოღებული.