ომბუდსმენი ცსკ–ს მოუწოდებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემატურ საკითებს დამაჯერებლად უპასუხოს
01/11/2020 16:10:51 პოლიტიკა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებულ პრობლემურ საკითხებს დამაჯერებელი პასუხი გასცეს.
"სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად (რომლის შეფასებებიც ეყრდნობა პროცესების უშუალო დაკვირვებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მონიტორინგსა და გამართულ და გამოცდილ მეთოდოლოგიას):
საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა არსებითი დისბალანსები - საარჩევნო ყუთებში აღმოჩნდა მისულ ამომრჩევლებზე გაცილებით მეტი ბიულეტენი;
აღნიშნულ უბნებს და მის შედეგებს შესაძლოა, ჰქონდეს არჩევნების საერთო შედეგებზე 4.1%-ის ფარგლებში ზეგავლენა;
საყურადღებოა, აგრეთვე ისიც, რომ „ისფედის“ მიერ გამოცხადებული არჩევნების შედეგები (რაც უბნებზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით დგება), ამ დროისთვის ცდომილების ფარგლებშიც ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შედეგებს არ ემთხვევა. მინიმუმ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ასეთი რამ არ მომხდარა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციები საუბრობენ, აგრეთვე, იმაზე, რომ შემაჯამებელი ოქმების გადაცემა დამკვირვებლებისთვის მნიშნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა.
მე, როგორც სახალხო დამცველი, რომლის კონსტიტუციურ ვალდებულებასაც წარმოადგენს ქვეყანაში საარჩევნო უფლების დაცვის ზედამხედველობა,მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მონაწილობით, დამაჯერებელი პასუხები გასცეს და სამართლიანად და გამჭვირვალედ განიხილოს და გადაწყვიტოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემატური საკითები!“,– წერს სახალხო დამცველი.
საარჩევნო კომისიას ამ დროისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 99% აქვს დათვლილი. წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება“ 48.1%–ით ლიდერობს. ჯამში საარჩევნო ბარიერის გადალახვა ცხრა პარტიამ შეძლო.


