დემონსტრანტების ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა
02/11/2020 06:02:35 პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ნაწილმა და მათმა მხარდამჭერებმა ღამე პარლამენტის შენობასთან გაათენეს.
„არჩევნების მოპარვით უკან უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა. ამიტომ, პროტესტი მნიშვნელოვანია“,– განაცხადა ენმ–ის წევრმა ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციამ აქციების ყოველდღიურ რეჟიმში გამართვა დააანონსა. ასევე ცნობილია, რომ მასშტაბური დემონსტრაციაა დაგეგმილი 8 ნოემბერს, 15:00 საათზე.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური ლიდერები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და გეგმავენ, უარი თქვან პარლამენტში შესვლაზე. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რამდენი პარტია მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას.
31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში პროპორციული წესით არჩეული ყველაზე მეტი დეპუტატი "ქართულ ოცნებას" ეყოლება.
120 მანდატი ასე განაწილდა:
· „ქართული ოცნება“ - 61;
· „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ - 35;
· „ევროპული საქართველო“ – 5;
· „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4;
· „ლელო“ – 4;
· „პატრიოტთა ალიანსი“ – 4;
· „გირჩი“ – 4;
· „მოქალაქეები“ – 2;
· „ლეიბორისტული პარტია“ - 1.
მაჟორიტარული სისტემით, "ქართულ ოცნების" კანდიდატებმა 30 ოლქიდან 14-ში პირველივე ტურში გაიმარჯვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას უკვე აქვს 75 მანდატი. 16 ოლქში მეორე ტური გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად და მთავრობის ფორმირებისთვის "ქართულ ოცნებას" ერთ ოლქში გამარჯვებაც ჰყოფნის.


