NDI: "წინასაარჩევნო დარღვევებმა კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული პროგრესი გადაფარა"
02/11/2020 13:28:01 პოლიტიკა
"დარღვევებმა საპარლამენტო არჩევნების წინ კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული პროგრესი გადაფარა" , – ასე აფასებს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI ) 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს.
მისივე შეფასებით, საარჩევნო კამპანია ღია და პლურალისტური იყო, თუმცა დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
- ძალადობისა და დაშინების არაერთი შემთხვევა;
- ხშირად ისმოდა ბრალდებები სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ;
- მნიშვნელოვნად მაღალი იყო ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობების რაოდენობა;
- მედიის პოლარიზაციის გამო პარტიებს ტელევიზიებზე არათანაბარი წვდომა ჰქონდათ;
- მათი საარჩევნო მესიჯები უფრო ოპონენტების კრიტიკაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე პრობლემების გადაჭრის გზებზე.
„საქართველომ პოლიტიკაში მეტი ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სავალდებულო გენდერული კვოტის მიღება. თუმცა ამ პროგრესის მიუხედავად, ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, შშმ პირები და ლგბტ+ თემის წევრები კვლავაც არ იქნებიან სათანადოდ წარმოდგენილნი ახალ პარლამენტში“, - აცხადებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი.
NDI აღნიშნავს ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის არაერთ შემთხვევასაც. მისი შეფასებით, პოლარიზებულმა გაშუქებამ ამომრჩეველს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში შეუშალა ხელი.
„კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატები შეზღუდულად ტარდებოდა, რის გამოც ეს შესაძლებლობა ამომრჩევლების ინფორმირებისთვის სათანადოდ ვერ იქნა გამოყენებული. საინფორმაციო მანიპულაციები ფართოდ იყო გავრცელებული, განსაკუთრებით - ფეისბუკზე“.
NDI არჩევნებში მონაწილე მხარეებს მიმართავს:
- საჩივრები სწრაფად და სათანადოდ იქნას განხილული, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა ან განმეორებითი კენჭისყრის დანიშნვა იქნას უზრუნველყოფილი;
- გამოიძიონ ძალადობისა თუ დაშინების ბრალდებები;
- პარტიებმა და კანდიდატებმა საარჩევნო დარღვევების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ზეწოლისა და დაშინების შესახებ ბრალდებების გასამყარებლად სათანადო მტკიცებულებები წარმოადგინონ;
- მონაწილე მხარეებმა ძალისხმევა გამოიჩინონ, რათა განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ მშვიდობიან გარემოს. პოლიტიკურმა ლიდერებმა და კანდიდატებმა საკუთარი საქმიანობა კვლავაც ქცევის კოდექსის მიხედვით წარმართონ.
- პარტიებმა და კანდიდატებმა სხვადასხვა დებატებსა და პოლიტიკურ გადაცემებში მიიღონ მონაწილეობა და საზოგადოებას საკუთარი პროგრამები და გეგმები წარუდგინონ.
- არჩევნების მეორე ტურის წინ პარტიებმა და კანდიდატებმა ამომრჩეველთან კომუნიკაციის დროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნორმები დაიცვან.
"საარჩევნო ანალიზი ეფუძნება ჩართულ მხარეებთან 22-31 ოქტომბერს ჩატარებულ ინტერვიუებს, დისტანციურად მყოფი გრძელვადიანი ანალიტიკოსების შეფასებებს, ინსტიტუტის მიერ საქართველოში საქმიანობის 25 წლის განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებასა და ურთიერთობებს, სანდო, მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიგნებებს, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდნენ", – განმარტავენ ორგანიზაციაში.


